-
2017-08-25 23:23
იმის მიუხედავად, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად მოხალისეების მასობრივი ჩართვა საჭირო არ გამხდარა, ცალკეულ შემთხვევებში მოხალისეებმა მაინც მოახერხეს მონაწილეობის მიღება სამაშველო საქმიანობაში.
ეს, ძირითადად, ხანძრის პირველ და მეორე დღეს ხდებოდა, როცა ნაჩქარევი ლოჯისტიკის გამო, ხეობაში მაშველთა დიდი ნაწილი ჯერაც არ იყო გადასროლილი, ხოლო ხანძრის კერებს მხოლოდ ერთი, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი აქრობდა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდნენ ყვიბისის ტყეში მოხალისეები, როგორც ადგილობრივები, ასევე თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან ჩასულები. ყვიბისში იყვნენ ორგანიზაცია "ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები, რომლებმაც 21 აგვისტოს მონაწილეობა მიიღეს სამაშველო საქმიანობაში.
ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი, რომელიც თავადაც მონაწილეობდა სამაშველო საქმიანობაში, ყველა ადგილობრივ და სხვა რეგიონიდან ჩასულ მოხალისეს მადლობას უხდის და განსაკუთრებით გამოყოფს თემო გელაშვილს - მეშვიდეკლასელ ბიჭს, რომელიც ბორჯომის ხეობაში მამასთან ერთად იყო წასული და თავდაუზოგავად აკეთებდა ყველაფერს, რისი გაკეთებაც მის ასაკში ბავშვს ხანძრის ჩასაქრობად შეუძლია.
ბაკურ გელაშვილი, ვისი მოსწავლეც აღმოჩნდა თემო გელაშვილი, წერს:
"...სოფელ ყვიბისის მხრიდან, უსიერ ტყეში, დილიდან ამ დრომდე, თავის შესაძლებლობის ფარგლებში მამასთან ერთად მუშაობდა და აქრობდა პატარ-პატარა ცეცხლის კერებს.
ნიჩაბი არ ქონდა, ხელით აყრიდა მიწას ცეცხლს.
იმ მიწას, რომელიც თემოსნაირმა ქართველებმა იხსნეს იმ მურვან ყრუს და მისნაირი დამპყრობლისგან, რომელთაც ოდესღაც სამცხე გადაუწვავთ და დღეს მათ ნაოხარს დამსგავსებია ჩვენი ულამაზესი ბუნება.
ჩემთვის, ყველა ქართველისთვის ყველაზე საამაყო პატარა ქართველია, რომელსაც დარწმუნებული ვარ ჩვენ ვეღარავინ ვასწავლით ბუნების სიყვარულს და მის დაცვას.
თემოს სახით ამ ქვეყანას ბუნების დიდი მოამაგე და ღირსეული ქართველი გვეზრდება.
ეს დღეები, სრულიად საქართველოსთვის მძიმე და რთულია.
პატარა თემო კი ამ რთულ დღეებში თავის მშობლიურ სოფელს თანასოფლელებთან და მაშველ-მეხანძრეებთან ერთად ებრძვის ხანძარს.
მადლობა მის მშობლებს ზაზას და მზეკოს ასეთი თემოსთვის...".


