-
2017-08-18 23:38
ბიძინა ივანიშვილის შესასყიდი და გადასატანი ხეების დასათვალიერებლად დღეს ქობულეთში, გელაურის დასახლებაში იმყოფებოდა. ინფორმაციას და ფოტოს "ბათუმელები" ავრცელებს.
ადგილობრივების მტკიცებით, ყოფილი პრემიერი ხეებს ათვალიერებდა. ამას ცხადყოფს ფოტოც, რომელზეც ის ერთი, სავარაუდოდ, ასაკოვანი ხის ფონზე, მასპინძლებთან ერთადაა გამოსახული.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილს ხეები ფესვებიანად და მიწიანად გადააქვს მისსავე დენდროლოგიურ პარკში, რომელიც მისი რეზიდენციის სიახლოვეს, ურეკში მდებარეობს. სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სექტემბერში ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანას უკვე სამეგრელოდან დაიწყებს.
დასახელდა კონკრეტული სოფლები - ორულუ, დიდინეძი და ახალაბასთუმანი, სადაც ივანიშვილმა რამდენიმე ხე შეარჩია, ხოლო კიდევ ერთი ხე, "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, თავად ზუგდიდში, ივანიშვილის ნდობით აღჭურვილმა პირებმა შეარჩიეს. ეს ხე - ჭადარი, ე.წ. კომისარიატის ბაზრობის ტერიტორიაზეა და მისი რადიუსი მიწის სიახლოვეს 4,5 მეტრია.
ასევე შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ შარშან გაზეთი "ქრონიკა პლუს" წერდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში იმყოფებოდა და მას მეგზურობას გუბერნატორი ლევან შონია უწევდა, რა დროსაც მილიარდერმა რამდენიმე ხე დაათვალიერა.