
ე.წ. ციანიდის საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე, რომელმაც საქართველო 26 ივნისს დატოვა და კიევში გაფრინდა, ეს კი მისი დემორალიზებით ახსნა, თბილისში დაბრუნდა და აცხადებს, რომ გამოძიებასთან ბოლომდე ითანამშრომლებს.
ირაკლი მამალაძე სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სამოქალაქო დავის წამოწყებას გეგმავს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებს კიევიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში მისი წასვლის მიზეზი გახდა „ის აღვირახსნილი კამპანია, რომელიც წამოიწყო „რუსთავი 2“-მა“. როგორც მამალაძემ აღნიშნა, ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ რეპორტაჟთან დაკავშირებით ირაკლი ფირცხალავას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა.
„არ ვტოვებ საქართველოს. გამოძიებასთან ვთანამშრომლობ ბოლომდე. მზად ვარ, ისევ წარვსდგე სასამართლოს წინაშე. დღეს პარლამენტში გაჟღერდა ჩემი სახელი. შექმნან საგამოძიებო კომისია, იქაც მივალ და იქაც წარვსდგები და თუ ექნებათ კითხვები, ვუპასუხებ. უახლოეს დღეებში გავივლი კონსულტაციებს და მივმართავ სასამართლოს.
პირველ რიგში, მაინტერესებს რა შედეგს დადებს პროკურატურა, სადაც დაწყებულია გამოძიება „რუსთავი2“-ზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით. შეიძლება მოვითხოვო ფულადი კომპენსაცია, შეიძლება - ბოდიშის მოხდა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის“, - განაცხადა ირაკლი მამალძემ.
მისი თქმით, იურისტებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, დავა ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაიწყოს, თუ კონკრეტული პირების.
„კომპანიის მიმართ ამ ეტაპზე ნაკლები პრეტენზია მაქვს. უფრო საინფორმაციოს ხელმძღვანელის ნოდარ მელაძისა და კონკრეტული ჟურნალისტის მიმართ მაქვს პრეტენზია. ფირცხალავასთან არასოდეს არანაირი კავშირი არ მქონია, არ ვიცნობ. მთელი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში, არ გამიკეთებია მის წინააღმდეგ არაფერი.
გამოძიებამ ყველაფერი უნდა დაადგინოს - ვინ არის დამკვეთი, რატომ ამოიცნო ფირცხალავამ ოთხი თვის შემდეგ, რომ მე აგენტი ვარ“, - განაცხადა მამალაძემ.
ე.წ. ციანიდის საქმის მოწმე ამბობს, რომ ის დაცვის სამსახურით ისევ სარგებლობს, ვინაიდან, მისი თქმით, „რუსთავი 2“-ზე გასული რეპორტაჟის შემდეგ, მასზე ზეწოლა განხორციელდა.
„მე არანაირი ვალდებულება არ მაქ თმენის, რომ ვუთმინო ნოდარ მელაძეს და „რუსთავი 2“-ს. ეს საქმე არის ძალიან მძიმე და რთული საქმე“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.