
ტვ "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი 2011 წლის 26 მაისსა და მის წინადღეებში მომხდარ ამბებს მიმოიხილავს. "ნიუსვოისის" სიუჟეტში" ნათქვამია, რომ 26 მაისის ამსახველ ახალ კადრებში, რომელიც პროკურატურამ გამოაქვეყნა, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - პოლიციელის დაღუპვა - იგნორირებულია.
ის, რაზეც უმრავლესობა თანხმდება: 2011 წლის 26 მაისს ხელისუფლების, ანუ, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება მოხდა.
ის, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება: - მიტინგის დაშლა სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება იყო.
ის, რაზეც ვერ თანხმდებიან, ჯერ კიდევ 2011 წელს დავის საგანი არ გამხდარა. მაგალითად, "ქართული ოცნების" ახალი სახე თამარ ჩუგოშვილი, რომელიც 2011 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე იყო, ეჭვქვეშ არც აყენებდა, რომ მერიის გაფრთხილების შემდეგ, როცა მომიტინგეებმა უარი თქვეს ადგილის შეცვლაზე, მიტინგი უნდა დაშლილიყო.
თამარ ჩუგოშვილი დღეს ამბობს, რომ მაშინდელ სამართლებრივ შეფასებას ახლაც ეთანხმება, მაგრამ მაშინ მიტინგი კი არ დაშალეს, არამედ დაარბიეს, ხალხი სცემეს, დაასისხლიანეს და დააკავეს.
ის, რაც 2011 წლის 26 მაისის ღამეს მოხდა და ის, რაც ხდებოდა მანამდე, სხვადასხვაგვარი აღქმის თემაა. ერთ მხარეს იდგნენ აგრესიული, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტით მაინც მშვიდობიანი მომიტინგეები, მეორე მხარეს კი სახელმწიფო ინტერესები - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და სამხედრო აღლუმი. 26 მაისამდე კი იყო გამომწვევი განცხადებები, ხელჯოხები, ფარები და მუშტი-კრივი.
და კიდევ, ერთი დეტალი: 26 მაისს პოლიციის ოფიცერი ვლადიმირ მანსურაშვილი დაიღუპა. დაღუპულის ოჯახი დღემდე ნინო ბურჯანაძის ექსკორტის ერთერთ მძღოლს ადანაშაულებს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ ახალ მასალაში, სავარაუდოდ, ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები სულ სხვა რაკურსითაა გადაღებული, მაგრამ პროკურატურას ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია:
ვიდეო ისეა დამონტაჟებული, რომ კადრები მაშინვე სხვა ეპიზოდზე გადადის. როგორც ჩანს, პოლიციელის დაღუპვის დეტალები ამ ეტაპზე პროკურატურისთვის პრიორიტეტული არ არის.
"ნიუსვოისი", 22 სექტემბერი, ბმული სიუჟეტზე