
„ინტერნიუსი-საქართველო“ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს, სადაც „რუსტავი-2“-ს მხარდაჭერას უცხადებს.
"ინტერნიუსი-საქართველო", ისე როგორც 20 წლის წინ, კვლავ დგას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გვერდით. ისევე როგორც ადრე, ორგანიზაცია გამოიყენებს ყველა ბერკეტს, მათ შორის საერთაშორისო კავშირებს, მსოფლიო მედიის და მედია-ორგანიზაციების მობილიზებისთვის, რათა ტელეკომპანიის ყოფილ და ამჟამინდელ მეწილეებს შორის სასამართლო დავა წარიმართოს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონიერების ფარგლებში, გამჭვირვალედ და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე.
ფონდი "ინტერნიუსი-საქართველო" 20 წელია მოღვაწეობს საქართველოს დამოუკიდებელი მედიის განვითარების მიმართულებით. ის არის პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელ მაუწყებლებს ინსტიტუციურ ჩამოყალიბებაში ეხმარებოდა, საგანმანათლებლო ინიციატივებით თუ ტექნიკური მხარდაჭერით.
ამ თვალსაზრისით "ინტერნიუსი-საქართველოს" მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან, მისი დაარსების პირველი დღიდან.
ჯერ კიდევ 1995 წელს, ტელეკომპანიაზე პირველი შეტევის დროს, როცა „რუსთავი 2“ ცხრა თვის განმავლობაში დახურული იყო, "ინტერნიუსმა“ სამაუწყებლო კომპანიას აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადა იურიდიული დახმარებით და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირებით. ინტერნიუსი „რუსთავი 2“-ის გვერდით დადგა 2000 წელსაც, როცა დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე კვლავ განხორციელდა შეტევა სახელმწიფოს მხრიდან ალტერნატიული აზრის ჩასახშობად.
ამჟამად, როგორც ცნობილია, ტელევიზიის სრულფასოვან ფუნქციონირებას და ჟურნალისტურ საქმიანობას კვლავ საფრთხე ემუქრება.
მიუხედავდ იმისა, რომ სასამართლო შემჭიდროვებულ ვადებში ფორსირებულად მოქმედებს ( აღსრულების ბიურომ ყოფილი მეწილის სარჩელის საფუძველზე ყადაღა დაადო ტელეკომპანიის პარტნიორების წილებს, უძრავ და მოძრავ ქონებას, ტელეკომპანიას შეეზღუდა კომერციული საქმიანობა), თუმცა საფუძვლიანი ეჭვს ბადებს პოლიტიკური ფონი, ხელისუფლების ნეგატიური და ზოგ შემთვევაში ხელისშემშლელი დამოკიდებულება ამ ტელევიზიის მიმართ, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირები დაუფარავად გამოხატავენ.
„ინტერნიუსი - საქარველო“ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ყურადღებით ადევნებს თვალს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს და იმედოვნებს, რომ სასამარლო დავა წარიმართება გამჭვირვალედ, პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისგან დამოუკიდებლად, და რაც ყველაზე მნიშვნელობანია, კიდევ ერთხელ არ შეექმნება საფრთხე სიტყვის თავისუფლებას და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს არ შეეშლებათ ხელი პროფესიული მოვალეობის სრულფასოვნად შესრულებაში, რადგან სიტყვის თავისუფლება, არის დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობის გარანტი.