-
2015-08-04 09:09
ანტიკორუფციული კავშირის თავმჯდომარე გიორგი ბურჯანაძე, მოქალაქე ლაშა გეგეჭკორის უფლებების დარღვევაზე საუბრობს. ის აცხადებს, რომ ამ უსამართლობაში უშუალოდ არიან გარეულები პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ძმა და მისი მამიდაშვილი.
გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, საქმე ეხება გეგეჭკორის მიმართ სახელფასო დავალიანებას, რომლის ანაზღაურებაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეწყვიტეს. ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ ,,კვირის ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„მოქალაქე ლაშა გეგეჭკორი 2008 წლის ბოლომდე მუშაობდა შპს ,,შამეგში“ და მოხდა ისე, რომ ამ ფირმას ჰქონდა სახელფასო დავალიანება მის მიმართ. საქმე მივიდა სასამართლო დავამდე და ამ დროს კომპანიის უფლებებს იცავდა ადვოკატი გიორგი უსუფაშვილი, რომელიც გახლავთ დავით უსუფაშვილის ძმა. სასამართლომ გაამართლა გეგეჭკორი, სააღსრულებლომ ჩართო ფულის ამოღების მექანიზმი და კომპანიას დაევალა სახელფასო დავალიანების გადახდა გრაფიკის მიხედვით. სულ 24 000 ლარი უნდა გადაეხადა. ანუ, გიორგი უსუფაშვილმა პროცესი წააგო და აქ ხდება საინტერესო რამ: როცა აღსრულების სამსახურმა დაიწყო საქმის წარმოება, რომ გეგეჭკორის სასარგებლოდ მომხდარიყო თანხის გადახდა, მან მიმართა შპს-ს ახალ დამფუძნებელს.
ჩვენს გვაქვს ხელთ დოკუმენტი, რომ სადაც წერია, რომ მერაბ სარიფაშვილი იყო თავიდან ამ შპს-ს დამფუძნებელი და აღსრულების ამ ფურცლის გაცემის შემდეგ ის ადვოკატმა გიორგი უსუფაშვილმა ჩაანაცვლა თავისი ახლო ნათესავით, ზურაბ ნავროზაშვილით. მოკლედ, სააღსრულებლომ ნავროზაშვილს მიმართა, რათა მას კომპანიის ქონებრივი ნუსხა წარმოედგინა, რათა ეს ქონება გატანილიყო აუქციონზე, შემდეგ კი გეგეჭკორის სასარგებლოდ მომხდარიყო თანხის გადარიცხვა და საპასუხოდ, ნავროზაშვილმა განაცხადა, ეს ნივთები არ ვარგოდა და გადავყარეო“,-აცხადებს ბურჯანაძე.
მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ სააღსრულებლო ბიურომ მიმართა პროკურატურას და აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. შემდეგ, კომპანიამ გეგჭკორის დავალიანების გადახდა მართალია დაიწყო, მაგრამ 2012 წლის არჩევნების შემდეგ მის მიმართ არსებული კანონმდებლობა „შეიცვალა“.
,,ამის შემდეგ ეს ნავროზაშვილი, რომელიც უსუფაშვილის მამიდაშვილია, მივიდა გეგეჭკორთან სახლში, დაუჩოქა და სთხოვა, თუ შეიძლება გრაფიკი შედგეს და ამის შემდეგ გადაგიხდიო. და მართლაც, შპს პატიოსნად დაიწყო ფულის გადახდა, მაგრამ მხოლოდ სამი თვის მანძილზე: 2012 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში, ამის მერე ოქტომბერში შეიცვალა ხელისუფლება, უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე ხდება და ამის მერე რატომღაც ისე ხდება, რომ ,,იცვლება“ კანონდებლობა გეგეჭკორის მიმართ და ასევე, სააღსრულებლო ცვლის საკუთარ პოზიციას: სასწრაფოდ შეჩერდა გადასახადები და დღემდე ერთი თეთრიც კი არ გადახდილა გეგეჭკორის სასარგებლოდ. ამ დროს უხეშად ილახება ადამიანის უფლებები“,-აცხადებს ბურჯანაძე.
ამასთან, ბურჯანაძის ცნობით, გეგეჭკორს დაემუქრნენ, რომ ახლა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და ხმა ზედმეტად არ ამოეღო.
„გეგეჭკორს მიუვიდა მესიჯი, რომ ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ჭკვიანად თუ არ მოიქცევი, რაღაც ცუდი მოგივაო“,- აცხადებს გიორგი ბურჯანაძე.
წყარო: კვირის ქრონიკა
