
ბიძინა ივანიშვილმა „საზოგადოება 2030“-ის შექმნა 2014 წელს დაანონსა. მისი თქმით, საზოგადოებაში შევიდოდნენ ექსპერტები და სხვადასხვა სფეროში კომპეტენტური პირები, რომლებიც „მოსახლეობას სწორი ანალიზის გაკეთებაში“ უნდა დახმარებოდნენ.
მსგავსი საზოგადოების, ანუ კონკრეტულ ვადაზე გათვლილი სტრატეგიის შექმნის იდეა ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის. სწორედ ხელისუფლების ვერტიკალში პუტინის ყოფნის მესამე ვადისთვის, 2008 წელს შექმნეს „სტრატეგია 2020“ - ეს იყო რუსეთის განვითარების თორმეტწლიანი პროგრამა-კონცეფცია, თუმცა, ორი წელი გამოაკლეს, რათა დაემრგვალებინათ და უწოდეს „ათწლიანი განვითარების კონცეფცია“.
ბიძინა ივანიშვილსაც, როცა „საზოგადოება 2030“ დაარსა, სწორედ ორი წელი დარჩა დასამრგვალებელი:
„შევქმენით საზოგადოება 2030. იმ 20 წლიდან, რომელზეც ამდენს ვსაუბრობდი, 2 წელი უკვე ამოიწურა. პირობითად 18 წელი დარჩა, თუმცა 18 არ დავუმატეთ, რადგან 2032 გამოდიოდა; დავამრგვალეთ და შევქმენით „საზოგადოება 2030“. მასში შესულია ძალიან ბევრი საინტერესო პიროვნება" - ბიძინა ივანიშვილი, „მოამბე“.
რუსეთში უკვე მიხვდნენ, რომ სულ რაღაც 7 წლის წინ მიღებული კონცეფცია დღეისათვის უკვე გამოუსადეგარია, ანუ, 2020 წელი, როცა „სტრატეგია 2020“ წლის განხორციელების შედეგები უნდა გამოქვეყნდეს, უკვე ახლოვდება, ამიტომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაზე დაიწყეს ფიქრი და ასე დაიბადა „სტრატეგია 2030“-ის შექმნის იდეა.
ამჯერად, დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, ამ სტრატეგიის დაწერას მხოლოდ ექსპერტებს არ მიანდობენ - მის შექმნაში სახელმწიფოს ჩინოვნიკებიც ჩაერევიან. მედვედევის გადაწყვეტილებით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაევალა მინისტრს ღია ხელისუფლების საკითხებთან დაკავშირებით მიხეილ აბიზოვს, რომელმაც წინადადებები „სტრატეგია 2030“-ისთვის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე უნდა წარმოედგინა. მართალია, ვადამ ცოტათი გადაიწია, მაგრამ დღეს უკვე არსებობს რუსული "სტრატეგია 2030".