
ვაკე-საბურთალოს ახალი გზა, თავდაპირველად, უკვე არსებული ვერსიით განახლდება და გაწნენდის შემდეგ, სავარაუდოდ, ძველი იერსახით იმუშავებს, თუმცა, საბოლოო ჯამში აქ ხიმინჯებით ამაღლებული გზის აგებაა დაგეგმილი.
ამ ვერსიაზე უკვე საუბრობენ მთავრობის კულუარებში. როგორც გაირკვა, ხიმინჯებიანი გზის იდეას ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილიც იწონებს, რომელიც მზადაა, ამ იდეის განსახორციელებლად თანხაც გამოყოს.
ხიმინჯების საშუალებით გზის ამაღლების იდეის წინააღმდეგი არ არიან არც უკვე არსებული გზის პროექტის ავტორები. ამას გარდა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნით, ახალი გზის მონაკვეთმა ადიდებული მდინარე ვერეს კალაპოტის წყალგამტარიანობა შეზღუდა, რამაც, გარკვეულწილად, დამატებითი ფაქტორის როლი ითამაშა 13 ივნისის წყალდიდობის სავალალო შედეგებზე.
მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მიიჩნევს, რომ:
"მდინარის ხეობის პირველ მონაკვეთზე გაყვანილ ახალი გზის დაპროექტების პროცესში არ იყო გათვალისწინებული 1961 წელს მდ. ვერეზე ჩავლილი ასეთივე სიძლიერის კატასტროფული წყალდიდობის ფაქტი, რამაც მაშინაც გამოიწვია ზოოპარკის დაღუპვა. ეს ფაქტი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ამ გზის პროექტის ავტორები დადგებოდნენ მისი ცალკეული მონაკვეთების აკვედუკებზე (5– 7 მ სიმაღლის ხიმინჯებიანი ნაგებობები) განლაგების აუცილებლობის წინაშე. ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ახალი გზის გავლენით მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობის შეზღუდვა".
შენიშვნა: თემატური ფოტო