
ზოოპარკის სამი თანამშრომელი, რომლებსაც გვიან ღამის შემდეგ ეძებდნენ, გარადაცვლილები იპოვეს. გარდაცვლილთა შორისაა გულიკო ჭიტაძე - ზოოპარკის ძიძა-მომვლელი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვოლიერში ვეფხვებმა დატორეს.
ინციდენტის შემდეგ გულიკო ჭიტაძეს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და ზედა კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. ის საავადმყოფოს პალატაშიც კი თავის გაზრდილ ვეფხვებზე ნაღვლობდა და ამბობდა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ აუცილებლად დაბრუნდებოდა ზოოპარკში. ასეც მოიქცა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ გულიკო ჭიტაძე შაბათს მორიგე იყო... მასთან ერთად იმყოფებოდა მეუღლე მალხაზ ჭიტაძე და ზოოპარკის მომვლელი მოხუცი გივი, რომელიც ათეული წლებია, ზოოპარკში მუშაობს.
მას შემდეგ, რაც ზოოპარკში წყალი შემოვარდა, ცხოველების გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, ადიდებულმა მდინარემ ისინი გაიტაცა და მოგვიანებით სამივეს ცხედრები მდინარე ვერემ ნაპირზე გამორიყა.