-
2015-06-14 01:51
ამ დროისთვის (1:42) არსებული ინფორმაციით, თბილისში ყველაზე რთული ვითარებაა ვერეს დასახლებაში, სადაც რამდენიმესართულიანი კერძო სახლები ადიდებულმა მდინარე ვერემ წაიღო. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. თვითმხილველები წერენ, რომ მდინარემ ოთხი სახლი წაიღო, ისმოდა სახლების მტვრევისა და კივილის ხმები.
ადიდებულმა მდინარე ვერემ კალაპოტი შეიცვალა და თითქმის მთელი ვერეს ხეობა ამ დროისთვის დატბორილია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოოპარკი დაიტბორა, ხოლო ცხოველების ნაწილი, რომელთა ვოლიერები არ იყო გადახურული და წყლის ნაკადს აჰყვა, ზოოპარკიდან გაიქცა.
მდინარემ მთლიანად წალეკა თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი. დათვები, რომლებიც თავშესაფრის ქვედა ნაწილში, გადახურულ ვოლიერებში იმყოფებოდნენ, ცოცხლად დაიხრჩვნენ. არის მსხვერპლი ძაღლებს შორისაც.
თბილისში დატბორილია როგორც ცენტრალური უბნები, ასევე გარეუბნები. ზოგ უბანში გაითიშა ელექტროენერგია, ქუჩებში კი - გარე განათება.


თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე არ გადაადგილდეს
|
მდინარე ვერეს ადიდების გამო თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. მდინარის ადიდების გამო დატბორილია სახლები და გზა. წყნეთის ხევის ქუჩაზე კრიტიკული ვითარების განმუხტვას მერიისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები ცდილობენ.
თბილისში მოსული სტიქიის გამო, თბილისის მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის, სინათლის ქალაქის, თბილსერვის ჯგუფის, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ათივე რაიონის გამგეობის ჯგუფები დედაქალაქის მასშტაბით სტიქიას ებრძვიან.
ამ ეტაპზე რთული ვითარებაა თბილისის პრაქტიკულად ყველა უბანში. დაიტბორა დედაქალაქის არაერთი ქუჩა, დატბორილია სარდაფები და სახლების პირველი სართულები. დატბორილია, ასევე, რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელი.
გზა ჩავარდა ჯავახიშვილის ქუჩზე, ისანში, რაზიკაშვილის ქუჩა 2/5-ში გამყოფი კედელი ჩამოიშალა. გზა ჩავარდა ასევე ასათიანის ქუჩაზე, მეწყერი ჩამოწვა წყნეთი-ბეთანიის გზაზე. ადიდებულია მდინარე ვერე, რის გამოც სერიოზული პრობლემები შეიქმნა წყნეთის ხევის ქუჩაზე. კედელი დაზიანდა ჩიქობავას ქუჩაზეც, გარე-განათების ქსელი გამოირთო ნუცუბიძის, პოლიტკოსკაიას და ვაჟა-ფშაველას მეხუთე კვარტალში.
|
შსს:
"თბილისში, ძლიერ წვიმასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო სრული დატვირთვით მუშაობს. მაშველებმა უზნაძეს ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან წყალი ამოტუმბეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ამოიყვანეს და გადაარჩინეს.
მაშველებმა ასევე თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური შენობის ამოტუმბვა განახორციელეს. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ჭერი ჩამოინგრა, ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.
სამაშველო ოპერაცია ასევე მიმდინარეობს წყნეთში, გზის რამდენიმე მონაკვეთზე. მაშველები ინტენსიურად მუშაობენ ვაკე-საბურთალოს მონაკვეთზე, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულები არ არიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები მობილიზებულები არიან და მუშაობას აგრძელებენ"
02:03:45 -
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თბილისში, ძლიერი წვიმის გამო შექმნილი პრობლემების სალიკვიდაციოდ, საგანგებო შტაბი შეიქმნა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგანგებო შტაბის კოორდინაცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დაევალა.
შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, თბილისის მერის და დედაქალაქის რაიონების გამგეობების წარმომადგენლები, რათა დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოხერხდეს. საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ინფორმაცია, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში მიეწოდება.
-
02:09:19 - სიტუაცია ვაკე-საბურთალოს გადასასვლელ გზაზე, რესტორან "ბეღელთან", ნოდო ჯაფარიძის ფოტო:



სიტუაცია გმირთა მოედანზე, ლევან აბულაძის ფოტო:

სიტუაცია ყაზბეგის გამზირზე, ჯანო ჟვანიას ფოტო:


