
როგორც შუახევში გარდაცვლილი 25 წლის დათო დავითაძის ახლობლები ამბობენ, მისი გარდაცვალების მიზეზი შუახევის საავადმყოფოში ქირურგის არყოფნა გახდა, რის გამოც დავითაძე სისხლისგან დაიცალა.
დავითაძე და მასთან ერთად ორი პირი, მისივე ბიძაშვილები დღეს „შუახევჰესის“ ტერიტორიაზე, შელაპარაკების დროს დაჭრეს. პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ერთერთი ინფორმაციით, ის ჰესის თანამშრომელია.
დავითაძის ახლობლებს ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა. ისინი ამბობენ, რომ დავითაძე თავისი ფეხით მივიდა საავადმყოფოში, ხოლო ხულოდან გამოძახებული რეანომობილი ორი საათის დაგვიანებით მოვიდა.
შუახევის საავადმყოფოში ქირურგი არ იმყოფებოდა, რადგან, როგორც „ბათუმელები“ წერს, ბოლო ერთი კვირაა შუახევში გაუქმდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გადაუდებელი და გეგმიური სტაციონალური მომსახურება.
ამის მიზეზი იყო ის, რომ კომპანია „ევექსმა“, რომელიც მაღალმთიან აჭარში საავადმყოფოებს ფლობს, უარი თქვა ზემოთ აღნიშნულ მომსახურებაზე. შესაბამისად, შუახევის საავადმყოფოში ქირურგი აღარ მუშაობს.
შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ არ იცის, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ დავითაძის გარდაცვალების მიზეზი ადგილზე ქირურგის არყოფნა გახდა.