
"თავისუფალი ზონის" იმ წევრებს შორის, ვინც თბილისში რუსი ბაიკერები გააჩერა და მოტოციკლებზე მიმაგრებული ე.წ. გეორგიევსკის ლენტები ჩამოახსნევინა, მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი - ირაკლი ქანთარიაც იყო.
მელიტონ ქანთარია მეორე მსოფლიო ომში სსრ კავშირის არმიის ქართველი მებრძოლი იყო, რომელმაც რუს ეგოროვთან ერთად რაიხსტაგზე წითელი დროშა აღმართა. ის სსრ კავშირის გმირის წოდებას ატარებდა.
მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი - ირაკლი "თავისუფალი ზონის" წევრია. ირაკლი ქანთარია, ონისე გერგედავა, ალეკო კვახაძე, ფარნაოზ ჭკადუა და გიორგი რუხაია ის ახალგაზრდები არიან, ვინც კოლმეურნეობის მოედანზე მოძრავი რუსი ბაიკერები გააჩერეს და "გეორგიევსკის ლენტები" ჯერ ჩამოახსნევინეს, შემდეგ კი დააჭრევინეს.
"გეორგიევსკის ლენტები" ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლოდაა მიჩნეული, თუმცა, სინამდვილეში მას საერთო არაფერი აქვს მეორე მსოფლიო ომთან. რუსეთის იმპერიის სიმბოლოებში გადაწყვეტილი ლენტები 2006 წლიდან, უშუალოდ ვლ. პუტინის მეცადინეობით, აქტიურად გამოჩნდა პრესაში და ის მოქალაქეებმაც აიტაცეს. სწორედ "გეორგიევსკის ლენტები" იქცა ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის სიმბოლოდ - ამ ლენტებით ნახევარკუნძულზე ე.წ. "მწვანე კაცუნები" გადაადგილდებოდნენ.