
ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიების სამხედროების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ქართველი სამხედროებიც მონაწილებდნენ, დღეს ფრანგულმა გამოცემებმა გაავრცელეს. კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა თავდაცვის სამინისტროში. ინფორმაციას უარყოფს ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს ელჩიც.
ფრანგული პრესა გაეროს საიდუმლო ანგარიშს ეყრდნობა. კერძოდ, საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. როგორც ირკვევა სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
ადგილობრივები ფრანგ ჟურნალისტებს უყვებიან, თუ როგორ ძალადობდა 3 ქართველი სამხედრო 16 წლის გოგონაზე.
პირველად მომხდართან დაკავშირებით გუშინ The Guardian-მა დაწერა, სადაც საუბარი იყო გაეროს საიდუმლო ანგარიშზე, რომელშიც მოძალადეებად ფრანგ სამხედროებს მოიხსენიებდნენ, დღეს კი პრესაში მოხსენიებულ ფრანგ სამხედროებს ქართველების შესახებ გავრცელებული ბრალდებებიც დაემატა.
საგულისხმოა, რომ ქართველ სამხედროთა პირველი კონტინგენტი აფრიკაში 2014 წლის 10 ივნისს გაემგზავრა, ხოლო პრესაში აღწერილი ძალადობის ფაქტების პერიოდი 2013-დან 2014 წლის ივნისამდელ პერიოდს მოიცავს. აქედან გამომდინარე, ეჭვს იწვევს გავრცელებული ინფორმაცია სკანდალში ქართველი სამხედრო პირების მონაწილეობის შესახებ.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს ირინა იმერლიშვილს იმედი აქვს, რომ ქართველი სამხედროები მსგავს არაფერში არ გარეულან, თუმცა აცხადებს, რომ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ისინი სასტიკად დაისჯებიან. რაც შეეხება ცენტრალურ აფრიკაში საქართველოს ელჩს, ის "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ ორჯერ იმყოფებოდა იმ ბაზებზე, სადაც ქართველი სამხედროები იმყოფებიან და ადასტურებს, რომ მათ მიმართ იქ განსაკუთრებული პატივისცემა იგრძნობა.