
სპორტისა და ახლგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი თანამდებობიდან გადადგა - ექსკლუზიური ინფორმაცია გვიან ღამით "პირველმა რადიომ" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა. "კურიერის" ინფორმაციით, 12 საათზე სამინისტროში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული, თუმცა თემა არ კონკრეტდება.
სპორტის მინისტრის გადადგომას ოფიციალურად ვერ ადასტურებს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი ლუკა კურტანიძე. "კურიერთან" საუბარში ის ამბობს, რომ პოლიტსაბჭოზე სხვა თემებთან ერთად ეს საკითხიც იყო განხილული, თუმცა, რა გადაწყვეტილება მიიღო ყიფიანმა, მისთვის უცნობია.
"პირველი რადიოს" ინფორმაციით, ლევან ყიფიანმა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ აცხადებდა, რომ თანამდებობის დატოვებას და გადადგომას არ აპირებს, გადაწყვეტილება სამთავრობო გუნდთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. სამინისტროს პრესსამსახურში დილიდან არც უარყვეს და არც დაადასტურეს ლევან ყიფიანის გადადგომის შესახებ ინფორმაცია. "12 საათზე სამინისტროში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული და გელოდებით", - განაცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.