
შავი ზღვის ანაკლიის მონაკვეთზე ზღვამ წინ წაიწია და ანაკლიის პატრიოტთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიას მიუახლოვდა. ზუგდიდის საკრებულოს წევრი ამას 2012 წელს უკვე ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას უკავშირებს. ინფორმაციას „ლაივპრესი“ ავრცელებს.
„ეს არის უპასუხისმგებლო ხელისუფლების უმოქმედობის შედეგი, რაც ახლა ხდება ანაკლიაში. ნაპირსამაგრი სამუშაოების გამო მთლიანად დაზიანებულია პატრიოტთა ბანაკის მიმდებარე ინფრასტრუქტურა. ტენდერი იყო გამოცხადებული 2012 წელს, გაიმარჯვა კომპანიამ, რომელსაც დროულად უნდა დაეწყო ეს ნაპირსამაგრი სამუშაოები, მაგრამ 2013 წელს ეს ტენდერი გამოცხადდა ჩაშლილად.
ბატონი ნარმანია აქ მინისტრის რანგში იყო ჩამოსული და მას შემდეგ გავიდა ზუსტად 2 წელი. იმან, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიაში არაფერი გაკეთებულა, იმან, რომ დაგვიანდა ნაპირსამაგრი სამუშაოები, გამოიწვია ის, რომ ახლა აქ დაზიანებულია მილიონი ლარის სახელმწიფო ქონება და ზღვა უკვე პრობლემას უქმნის მოსახლეობასაც“-განაცხადა ანი წითლიძემ.
დეპუტატის სიტყვები დაადასტურეს სანაპიროსთან მდებარე სახლების მეპატრონეებმა. ანაკლიელების თქმით, ზღვის დონე ყოველწლიურად მატულობს და ხშირად იტბორება მათი ეზო და სახლი.