
ცნობილი ჟურნალისტი ვლადიმირ ივანიძე მორიგი ჟურნალისტური გამოძიების შედეგებს აქვეყნებს და ასკვნის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაპიარებული კონსალტინგური კომპანია, რომელიც, ხელშეკრულების თანახმად, მილიონობით დოლარს საქართველოს ბიუჯეტიდან მიიღებს, სინამდვილეში, შესაძლოა, უბრალოდ, თაღლითური ჯგუფი იყოს.
ვლადიმირ ივანიძე წერს, რომ კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზე თავდაპირველად მითითებულ ნომრებზე დარეკვა შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ისინი, უბრალოდ, არასწორად იყო მითითებული, თუმცა, მის მიერ ამ ლაფსუსის გამჟღავნების შემდეგ საიტზე სასწრაფოდ შეიცვალა ნომრები.
ვლადიმირ ივანიძე ბრიტანეთის მომხმარებელთა უფლებების დამცველთა ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით ასკვნის, რომ კომპანია "Global Alliance for Health and Social Compact"-ის ვებგვერდზე მითითებული საკონტაქტო ტელეფონები გამოყენებული იყო ოფშორულ ბანკებში ყალბი ანგარიშების გასახსნელად და ყალბი ოფშორული კომპანიების დასარეგისტრირებლად.
ამავე მონაცემებს ასახელებს ივანიძე წყაროდ, როცა წერს, რომ ამ მაქინაციების საკოორდინაციო ცენტრი მოსკოვში მდებარეობს და ამატებს, რომ ამის დამადასტურებელი მონაცემები მას უკვე ხელთა აქვს.
ვლადიმირ ივანიძემ სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების პირველი ნაწილი გამოაქვეყნა. ჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ რადიო „აფხაზეთის ხმის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. აქვე გამოქვეყნდება ივანიძის ჟურნალისტური გამოძიების მეორე ნაწილიც.