
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მუშაობს მოსკოვში მოულოდნელად გარდაცვლილი ქართველი მსახიობის კოტე თოლორდავას სამშობლოში გადმოსვენების საკითხზე.
საგარეო უწყება უკვე დაუკავშირდა იმ საპროდუსერო კომპანიას, რომლის მიწვევითაც კოტე თოლორდავა ირკუტსკსა და მოსკოვში იმყოფებოდა. მას სერგეი ბეზრუკოვთან ერთად ფილმში უნდა ეთამაშა.
კოტე თოლორდავას გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც პროზექტურაში შესაბამისი პროცედურები ჩატარდება. სწორედ ამის შემდეგ დადგინდება საქართველოში მსახიობის ცხედრის გადმოსვენების დროც.
მსახიობი, რომელსაც ქართველი მაყურებელი პოპულარული ტელესერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები", ასევე თეატრით ათონელზე და რამდენიმე მხატვრულ ფილმში ნათამაშევი როლებით იცნობს, მოულოდნელად გარდაიცვალა. ის გადაღებაზე არ მივიდა, რის შემდეგაც პროდიუსერებმა სასტუმროში მიაკითხეს, სადაც კოტე თოლორდავა გარდაცვლილი იპოვეს.