
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და 1992-93 წლების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების ერთერთმა მეთაურმა თენგიზ კიტოვანმა პრეზიდენტის სახელზე საქართველოს მოქალაქეობის თხოვნით განცხადება დაწერა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო.
უშუალოდ განცხადების შესახებ თენგიზ კიტოვანს არ განუცხადებია, თუმცა, "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკონკრეტებს, რომ მარგველაშვილი აიძულებს, საქართველოდან მოშორებით იცხოვროს და ამბობს, რომ საქართველოდან გაგდებულია.
სავარაუდოდ, თენგიზ კიტოვანს საქართველოს მოქალაქეობა მას შემდეგ შეუწყდა, რაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო. "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში თენგიზ კიტოვანი ამბობს:
„დაახლოებით რვა თვეა, საქართველოს მოქალაქედ აღარ ვითვლები. ჯერ სააკაშვილმა არ შემომიშვა ქვეყანაში, ახლა მარგველაშვილი მაიძულებს, ჩემი ქვეყნიდან მოშორებით ვიცხოვრო. ამას ნამდვილად არ ვიმსახურებდი! მე ხომ ჩვეულებრივი მოქალაქე არ ვარ - თავდაცვის მინისტრი ვიყავი, შეიარაღებული ძალები საქართველოში ჩემი შექმნილია, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მაქვს შეტანილი.
დღეს თუ არსებობს საქართველო, როგორც სახელმწიფო და ხელისუფლებაში მარგველაშვილ-ღარიბაშვილი სხედან, ეს ჩემი დამსახურებაცაა, თორემ გამსახურდიას ოჯახი მათ ამის უფლებას არ მისცემდა.“- აღნიშნავს კიტოვანი.
„რაღა სააკაშვილი და რაღა ესენი. ჩემთვის მარგველაშვილი, სააკაშვილი და ღარიბაშილი ერთი და იგივეა სუფთა კურდღლები არიან!“, - ამბობს ინტერვიუში კიტოვანი.