
საჩხერის პოლიციის შენობას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის ფაქტს საჩხერეში ადასტურებენ, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება დეტალებზე ვერ საუბრობს.
სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიციის შენობა შსს-ს საჩხერის განყოფილების უფროსმა, ზეზვა კობახიძემ დაცხრილა. სროლის შედეგად არავინ დაზიანებულა. მსროლელი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.
თავად საჩხერის პოლიციის უფროსი კატეგორიულად უარყოფს, რომ შენობას ესროლა. "გურიანიუსთან" საუბარში მან განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მტრების მოგონილია: "კიდევ ბევრს იტყვიან ნაციონალები", - თქვა მან.
"ღმერთმა გაუმარჯოს ვინც თქვა, მაგრამ რეალური არ არის. მასეთი ფაქტი არ ყოფილა. მტრები გვყავს ბევრი - თქვენც, მეც და ქვეყანასაც. იარაღის ტარება არც მიყვარს.
აგერ არის იარაღი, ახალი აღებული მაქვს და ერთი ტყვიაც არ არის გასროლილი. როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციის უფროსი შენობას იარაღს ესვრის? ჩემს ხასიათში, ჩემს ადამიანობაში ესეთი რამე არ ჯდება", - განაცხადა ზეზვა კობახიძემ.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარს გენერალური ინსპექცია იძიებს, განცხადება კი მოგვიანებით გაკეთდება.