
"საქართველოს მასშტაბით "ბერა ტვ"-ს სიგნალის ჩართვა დაიტესტა"; "GDS-ს რა, "ბრონი" ჰქონდა, ყველა თუ გაითიშა?"; "ეს არის დამფრთხალი ხელისუფლების მორიგი ნაბიჯი" - დაახლოებით ასეთი რეაქცია მოჰყვა "რუსთავი-2"-ს გამორთვას რეგიონებში.
"რუსთავი-2"-ის მაუწყებლობა, სპეციალური პაკეტების მქონე მაყურებლების გარდა, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით გაითიშა. როგორც "აფხაზეთის ხმას" ზუგდიდიდან უთხრეს, მეტრული ანტენის მეშვეობით "კურიერს" უყურებდნენ, როცა მოულოდნელად, არხის ჩვენების ხარისხი გაუარესდა, შემდეგ კი საერთოდ გაქრა და რამდენიმე წამში GDS-ის სიგნალი ჩაერთო.
"ეს რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ბევრმა მეგობარმა დამირეკა, შენთანაც ასეაო? მერე აღმოვაჩინე, რომ "პირველი არხიც" გათიშული იყო", - განაცხადა ზუგდიდელმა ახალგაზრდამ, რომელიც "აფხაზეთის ხმას" არხის გათიშვისთანავე დაუკავშირდა.
"რუსთავი-2" რამდენიმე წუთით გათიშული აღმოჩნდა იმერეთის, გურიის, სამეგრელოს თითქმის ყველა ქალაქში. გათიშვის ფაქტი "რუსთავი-2"-მაც დაადასტურა.
მოგვიანებით, როგორც ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, "რუსთავი 2"-მა რეგიონებში მაუწყებლობის აღდგენა მოახერხა. თუმცა რა გახდა ტელეკომპანიის გათიშვის ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა, საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა მოგვიანებით "ფეისბუქზე" დაწერა, რომ მიზეზი თითქმის ბოლომდე გარკვეულია:
"თითქმის გადაჭრით და დადასტურებულად- "თურქსატის" (სატელიტი, რითაც "რუსთავი-2" მაუწყებლობს, - რედ.) ბრალია. რაღაც აურიეს. რეგიონების რეტრანსლატორები ამ სიგნალს იღებენ- შესაბამისად ვინც ჩვეულებრივი ანტენით იღებს რ2 და საზოგადოებრივის სიგნალს- ყველას შეექმნა ეს პრობლემა".
ერთ-ერთი ვერსიით რეგიონებში "რუსთავი 2"-ის გათიშვა თურქულ სატელიტზე უნებლიედ არასწორად შეყვანილმა პარამეტრებმა გამოიწვია.