
შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ გამოძიება დაადგენს, რა კავშირია ვარკეთილში ძებნის ოპერაციის დროს ნაპოვნ ტანსაცმელსა და პოლიციელის სავარაუდო მკვლელს შორის. შს მინისტრი ბორჯომში მომხდარი მკვლელობისა და გუშინდელი შემთხვევის ხელწერათა იდენტურობაზეც საუბრობს.
ვახტანგ გომელაურის თქმით, თითქმის ერთი ხელწერაა ვარკეთილში გუშინ და ბორჯომში 2014 წლის 14 იანვარს მომხდარ ფაქტს შორის, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, შემხვედრ პოლიციელებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადმოიყვანეს. მოგვიანებით ერთ-ერთი დაჭრილი გიორგი ბერუაშვილი გარდაიცვალა".
მინისტრის განცხადებით, ანალოგიურად, ვარკეთილში მოძრავმა პოლიციელებმა ეჭვი შეიტანეს პიროვნებაზე, რომელსაც ასევე მოუწოდეს შეჩერება და ასევე არ შეჩერდა და ცეცხლი გახსნა. მას ეკეთა პარიკი. სავარაუდოდ, ერთი და იგივე პიროვნება იყო გუშინდელ შემთხვევაში და დღეევანდელ შემთხვევაში. პარიკი დააგდო, გაიქცა და მიიმალა. ისევ ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელებს. ამჟამად საბედნიეროდ არავინ დაზიანდა", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შს მინისტრის თქმით, წუხელ მომხდარი სცენარი ძალიან ჰგავს ბორჯომში მომხდარ შემთხვევას და ეს ერთი და იგივე ხელწერაა. შესაბამისად, პოლიცია მუშაობს იმ ვერსიაზე, რომ დამნაშავე ამ შემთხვევაშიც შალვა აბულაძეა.