
თბილისის მერია უარყოფს ძაღლთა თავშესაფრის მფლობელისა და ცხოველთა უფლებადამცველის თამაზ ელიბარაშვილის განცხადებას, რომ მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა ნუცუბიძის ქუჩაზე ძაღლები ცეცხლსასროლი იარაღით დახოცეს.
შეგახსენებთ, მერია ამ ქმედებაში ელიზბარაშვილმა "პრაიმტაიმნიუსთან" საუბრისას დაადანაშაულა:
“ვანდალური ფაქტი მოხდა ნუცუბიძეზე, სადაც სულ ცოტა ხნის, წინ 30 ძაღლი თბილისის მერიის მონიტორინგის თანამშრომლებმა იარაღით დახოცეს. მათი წკავწკავი და საცოდაობა მთელ ნუცუბიძეს ესმოდა. ახალ ჯიპებს მოასხდნენ და მანქანებიდან გადმოსვლაც ვერ გაბედეს, პირდაპირ იქიდან დახოცეს ძაღლები.
ბავშვების თვალწინ, რა უნდა გაიზარდონ ეს ბავშვები, ასეთ ვანდალიზმს რომ შეესწრნენ. მთელი ნუცუბიძე ფეხზე იდგა, ქალი ეხვეწებოდა ერთი, მე მყავს შეკედლებული, ნუ დახოცავთო, მაგრამ ჩაყარეს ძაღლები მანქანაში და წაიღეს.
30 მარტს, თბილისის საკრებულო დაჩქარებული წესით განიხილავს ქუჩის მაწანწალა ძაღლების ცეცხლასროლი იარაღით მოკვლის დაკანონებას. მთელ მსოფლიოს ფეხზე დავაყენებ და არ დავუშვებ, ორშაბათს საკრებულომ ეს დააკანონოს”.
თბილისის მერია განცხადების გავრცელებას აპირებს და ელიზბარაშვილს სიცრუეში სდებს ბრალს. უწყების განცხადებით, ძაღლები კი არ დახოცეს, არამედ სპეციალური საინექციო საშუალებით დააძინეს და სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს.