
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი თბილისის ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო პლაკატებს აკრავდა, რომელთა ნაწილი გამთენიისას ორგანიზებულად მოძრავმა, სავარაუდოდ, ნაცმოძრაობის მხარდამჭერმა მოქალაქეებმა ჩამოხიეს.
პლაკატების გამკვრელებსა და მათ ჩამომხევებს შორის, "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, რამდენიმე ადგილას სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა, სერიოზულ დაპირისპირებამდე საქმე არ მისულა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ პლაკატის გაკვრა მათი უფლებაა, ხოლო ნაცმოძრაობის მხარდამჭერები პასუხობდნენ, რომ მათი უფლება ჩამოხევა, მით უმეტეს, რომ პლაკატები არაა ინფორმაციული შინაარსის და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის დისკრედიტაციისკენაა მიმართული, ხოლო წარწერები და შინაარსი წარმოადგენს სუბიექტურ დამოკიდებულებას.
საპატრულო პოლიცია ინციდენტებში არ ჩარეულა, მას არც პლაკატების გამკვრელებისთვის და არც მათი ჩამომხევებისთვის ხელი არ შეუშლია.
შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციიის ეკიპაჟებმა რამდენიმე დღის წინ, ანალოგიურ ვითარებაში დააკავეს "თავისუფალი ზონის" წევრები, რომლებიც თბილისის ქუჩებში პლაკატებს: "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" და "მომავალ წელს სოხუმში" აკრავდნენ.