
მმართველი უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, პარლამენტმა პირველი მოსმენით – 62 ხმით, 7-ის წინააღმდეგ მიიღო პროექტი, რომელიც საჯარო სკოლებში ბავშვების 5 წლის ასაკიდან შეყვანას ითვალისწინებს.
საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" წევრმა კობა სუბელიანმა შესთავაზა. კენჭისყრას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა უძღოდა წინ, რომელიც დებატების ფონზე წარიმართა.
როგორც ინიციატორმა და მისმა თანაფრაქციელებმა განმარტეს, მშობელს, სურვილის შემთხვევაში, შვილის სკოლაში ხუთი წლის ასაკიდან შეყვანის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.
კობა სუბელიანის თქმით, პირველი მოსმენისთვის წარდგენილი პროექტი თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით კომპრომისულია, რადგან საუბარია ექვს წელთან მიახლოებულ ბავშვებზე, რომლებიც აღნიშნული ასაკის სასწავლო წლის დაწყებიდან დეკემბრამდე პერიოდში ხდებიან.
პროექტის პირველი მოსმენით მიღება უმრავლესობის რიგი წევრების მხარდაჭერით მოხდა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, დეპუტატ კობა სუბელიანის საკანონმდებლო ინიციტივას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის წევრებმა:
ოთარ ჩრდილელმა, დარეჯან ჩხეტიანმა, თამარ კორძაიამ, კარლო კოპალიანმა, გია ჟორჟოლიანმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, ზურაბ ზვიადაურმა, ნოდარ ებანოიძემ და მალხაზ წერეთელმა. კანონპროექტი ასევე გაიზიარეს ანზორ ბოლქვაძემ, გიორგი ფეიქრიშვილმა, იაშა შერვაშიძემ და გურამ მისაბიშვილმა.
"ინტერპრესნიუსის" მიხედვით