
მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატი ნაული ჯანაშია 68 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მარტვილის ორგანიზაცია ავრცელებს.
ორგანიზაცია უსამძიმრებს ოჯახს და წუხილს გამოთქვამს ქვეყნის ერთგულებაში დაუღალავი, სწორი და მართალი პოლიტიკის გამტარებელი, რაიონის და მისი ხალხის მოსიყვარულე დეპუტატის გარდაცვალების გამო.
ნაულ ჯანაშიას იცნობდნენ, როგორც უდიდეს ქველმოქმედ ადამიანს. უშუალოდ მისი დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულა არაერთი საქველმოქმედო პროექტი, ბატონ ნაულს, ჯერ კიდევ დეპუტატობამდე, არაერთი ადამიანის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი, რაც ავადმყოფობის დროს მკურნალობისთვის საჭირო თანხით დახმარებაში გამოიხატებოდა.
სამძიმარს უერთდება "აფხაზეთის ხმა", რომელიც არაერთხელ, რესპოდენტის რანგში შეხვედრია ნაულ ჯანაშიას, რომელიც მუდამ მოვლენების საინტერესო ანალიზით, გულწრფელობითა და გულისხმიერებით გამოირჩეოდა.