
ალეკო ავთანდილაშვილი, რომელიც დიდუბის გამგებლის მოადგილეა და „ქართული ოცნებიდან“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატის თარაშ შურღაიას ბიძაა, გამგეობაში დასაქმებამდე „კოკა-კოლასა“ და „ბალტიკის“ დისტრიბუტორად მუშაობდა.
ავთანდილაშვილი პანტელეიმონ და იგორ გიორგაძეების ახლობელია, სწორედ ამ ნიშნით იყო ის შერჩეული პანტელეიმონ გიორგაძის პირად მძღოლად, როცა ის 1992 წელს სამშვიდობო ძალების ქართული ბატალიონის მეთაურად დაინიშნა ცხინვალის რეგიონში.
ამ პერიოდში ავთანდილაშვილი ხშირად სტუმრობდა ცხინვალში, კუტუზოვის ქუჩაზე მდებარე გრუ-ს რეგიონალური შტაბსაც. როგორც „აფხაზეთის ხმამ“ გაარკვია, ავთანდილაშვილი იმ პერიოდში უშიშროების ლეიტენანტიც გახდა.
დიდუბის გამგეობასთან დღეს შეკრებილი პირები გამგებლის გადადგომას ითხოვდნენ. მათთან შესახვედრად გამგებელი გამოვიდა. აქციის მონაწილესთან მისი საუბრის დროს მოულოდნელად ალეკო ავთანდილაშვილი გამოჩნდა და აქციის მონაწილეს ხელი ჰკრა, რასაც არეულობა მოჰყვა.
დიდუბის გამგებელმა დაადასტურა, რომ ავთანდილაშვილი თარაშ შურღაიას ბიძაა, მაგრამ უარყო, რომ ის ამ ნიშნით აიყვანა სამსახურში: „ალეკო ავთანდილაშვილი უაღრესად წესიერი ადამიანი და პროფესიონალია“, - განაცხადა დიდუბის გამგებელმა.