
დღეს გამართული აქციის, აქციის „შემოულაწუნეს“ მონაწილეებმა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ირაკლი გედენიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუმტვრიეს.
ირაკლი გედენიძე ვარდების მოედანზე აქციას აშუქებდა, როდესაც ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ ის პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია.
აქციის ორგანიზატორია სამი პოლიტიკური ძალა: „რეფორმატორები“, „თავისუფალი საქართველო“ და „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“.
„ინტერპრესნიუსის“ დაზარალებული ფოტოკორესპონდენტი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.
ცენტრის მორიგე ექიმის, ილია ოქროჯანაშვილის განცხადებით, გედენიძეს ჩაუტარდა თავის, ხერხემლისა და კისრის კომპიუტერული ტომოგრაფია და ამ ეტაპზე ძლიერი დაზიანება არ არის აღმოჩენილი.
ექიმის თქმით, პირველადი დახმარებით დადასტურდა, რომ პაციენტს ქვედა ტუჩის ლორწოვანის ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება, რომელიც ყბა-სახის ქირურგმა დაუმუშავა. მორიგე ექიმის თქმით, მდგომარეობა სტაბილურია.
ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა.
გამომძიებლებმა დაზარალებული უკვე დაკითხეს.