
ადვოკატ ალექსი კობაიძის თქმით, მას როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ყოფილ კანდიდატს, პარლამენტში იწვევენ, თუმცა აზრის გამოთქმის საშუალებას არ აძლევენ.
„გვენეტაძეს, წარსულში მოღვაწეობის დროს, მიღებული აქვს უკანონო გადაწყვეტილებები - უდანაშაულო პირების სისხლის სამართლის წესით დასჯით და პატიმრობაში დატოვებით.
მეორეც, არჩევნების ის წესი, რომელიც შემოგვთავაზეს, არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან და მინდოდა, რომ ეს ყველაფერი განმეცხადებინა. მათ ეს არ უნდათ და ვითომ დემოკრატიულები რომ არიან, ფარსში მიმაღებინეს მონაწილეობა.
ვითხოვდი და ახლაც ვითხოვ, რომ მომეცეს საშუალება, ვიმსჯელოთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საკითხზე. ადამიანი, რომელიც, როგორც შევარდნაძის, ასევე, სააკაშვილის დროს, განაჩენებს საკასაციო წესით განხილვისას ძალაში ტოვებდა, შესაძლებელია უზენაესი თავმჯდომარის თანამდებობაზე იქნას არჩეული? მე არ შევურიგდები და გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას.
არც პარლამენტის რეგლამენტი და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი, დაწყებული კონსტიტუციიდან, არ იძლევა უფლებას, რომ პარლამენტში მისულ ადამიანს კითხვის დასმის უფლება არ მისცე. ხმალაძემ თქვა, რომ გვენეტაძეს კითხვა უნდა დაუსვა სხვა დროს, თუ, რა თქმა უნდა, ის შეგხვდებაო. ეს არის აბსურდი. არც ერთ ნორმაში ეს არ ჯდება.
ვახტანგ ხმალაძემ ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული გულგრილობით, ან საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და დეპუტატმა. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელმაც არსებული კონსტიტუცია ჩემთან ერთად მიიღო, მე იმდროინდელი პარლამენტის წევრი ვიყავი და დღეს პარლამენტში სიტყვას არ მაძლევს“, - განაცხადა კობაიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვახტანგ ხმალაძის თქმით, პარლამენტის ღიაობის გამოყენება საკუთარი მოსაზრებების გამოსათქმელად, რომლებიც არ განიხილება კომიტეტზე, არ არის სწორი.
„მე ვიცოდი, რა საკითხის დასმაც უნდოდა კობაიძეს, მე ვიცოდი, რაც უნდა ეთქვა მას და ამის საშუალება არ მივეცი, არ მინდოდა სხდომა უსაგნო კამათში გადაზრდილიყო. თუმცა, მან მაინც თქვა ხმამაღლა, რის თქმაც უნდოდა.
მე ვუთხარი, თუ მიგაჩნიათ, რომ მე დავარღვიე კანონი, მიმართეთ სასამართლოს. მე არ გადამიჭარბებია ჩემი უფლებებისთვის, შევეცადე, რომ კომიტეტის სხდომა ყოფილიყო იმ ფარგლებში, რასაც ითვალისწინებს რეგლამენტი. თუ მას მიაჩნია, რომ მე სისხლის სამართლის დანაშაული ჩავიდინე, წარადგინოს საჩივარი ამის თაობაზე და თუ ვინმე იპოვის აქ დანაშაულს, კი ბატონო.“, - აღნიშნა ხმალაძემ
„ალია“