
სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილის, კახა კახიშვილის თქმით, პირობით კომისიაზე განხილვის დროს დაბალი რისკის მსჯავრდადებულს უპირატესობა ექნებათ.
„მოგეხსენებათ, ქურდული სამყარო ყოველთვის ცდილობს გავლენების მოპოვებას.
ისიც გათვალისწინებულია, რომ შესაძლოა, მიზნად იყოს დასახული დაბალი რისკის დაწესებულებაში მათი იდეალების დამცველი პირის „მივლინება“, რომ ეს გავლენები დაამყაროს.
ამისთვის, როგორც პრაქტიკამ გვაჩვენა, სხვადასხვა ხერხებს იყენებენ, სპეციალურად სჩადიან ხოლმე ნაკლებად მძიმე დანაშაულს, რომელიც არ არის მრავალი წლით დასჯადი, ხვდებიან დაწესებულებაში და ცდილობენ, გაატარონ ქურდული ტრადიციების მატარებელი პოლიტიკა.
ამას ჩვენ აღვკვეთთ. მაღალი რისკის დაწესებულებაში შეზღუდული იქნება პაემნები, სატელეფონო ზარები, დაბალში კი, რა თქმა უნდა, მეტი პაემანი იქნება. პირობით განთავისუფლების დროს კომისია გაითვალისწინებს ყოფაქცევას და ის, რომ დაბალი რისკის დაწესებულების მსჯავრდადებულს მეტი უპირატესობა ექნება, ეს გარანტირებულია ამ რეფორმით.
მაგალითად, იგივე მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნა, დაწესებულების დებულების შემუშავება. დღეს არც ერთ ციხეს არ აქვს დებულება, არც ერთმა თანამშრომელმა არ იცის მისი უფლებამოსილება და ასრულებს მხოლოდ დირექტორის მითითებას.
ეს თავისთავად ქმნის პრობლემას ამ თანამშრომლის ქმედების შეფასებისას. როცა ადამიანმა არ იცის, რა უნდა აკეთოს, აკეთებს ყველაფერს, რასაც დაავალებენ. ახალი პოლიტიკით ეს საკითხი დარეგულირდება, ის ხელს მოაწერს დებულებას, რომ გამოირიცხოს თავის მართლება, არ ვიცოდი, რომ ამის უფლება არ მქონდაო.
გენინსპექციას მიეცემა უფლება, პრევენციულად შეამოწმოს დაწესებულება, რადგან ახლა მხოლოდ ფაქტის შემდეგ ხდება მოკვლევა. ახალი რეფორმით, პოსტფაქტუმ კი არ მოხდება გამოძიება, პრევენციულად აგვაცილებს გართულებებს, რადგან მას ექნება ფუნქცია, ნებისმიერ დროს შეამოწმოს დაწესებულება.
შემუშავებულია დებულებები სათვალთვალო კამერების შესახებ, დღემდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვალთვალი ხორციელდებოდა ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე, ერთი პირის გადაწყვეტილებით. რამდენ ხანს უნდა ყოფილიყო ჩართული, ამას ერთი ადამიანი წყვეტდა. გლობალური მასშტაბით იქნება ეს რეფორმა.
ასევე ვარეგულირებთ მინისტრსა და დეპარტამენტის დირექტორს შორის ურთიერთობას. დღეს ეს პრობლემა არ არის, მაგრამ არავინ იცის, ხვალ რა იქნება, ამიტომ კანონით გავწერთ ამას. ასევე, ყველა ოფიცერია, ვინც დეპარტამენტში მუშაობს.
ახლა გაიყოფა ეს სტრუქტურა, ზოგი დარჩება სამხრეების ქვეშ, დანარჩენი კი იქნებიან საჯარო მოხელეები, როგორიცაა იურისტები, ბუღალტრები. სოციალური მუშაკები, ასევე, არიან ოფიცრები და მათი სამხრეების მიმართ დიდი ნდობა არაა, ახლა ისინი გახდებიან სამოქალაქო პირები“, - განაცხადა კახი კახიშვილმა
„ალია“