
ხელვაჩაურის სოფელ მახოში 49 წლის დომენტი ქორიძე საკუთარმა ბიძაშვილმა, თემურ ქორიძემ დანით დაჭრა.
ექიმების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრილი დომენტი ქორიძე გარყვნილ ქმედებაშია მხილებული. თემურ ქორიძე ბრალის აღიარებით პოლიციაში მივიდა.
დომენტი სოფელში ექიმბაშის სახელით იყო ცნობილი - მცენარეების ნაყენებით მკურნალობდა.
კერძოდ - თირკმლის, უშვილობის, თავის ტკივილის წამლებს ამზადებდა. ჩამონათვალში ბევრი ქალური დაავადებაც იყო და ამიტომ მასთან ძირითადად ქალები დადიოდნენ. ერთი ოთახი ჰქონდა სპეციალურად გამოყოფილი, სადაც პაციენტებს იღებდა.
ადგილობრივების მტკიცებით, იგი სამკურნალოდ მისულ ქალებს აღმგზნებ მედიკამენტებს აძლევდა, ოთახში შეჰყავდა, აშიშვლებდა, ფოტოებსაც უღებდა და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა. იმასაც ამბობენ, ე.წ. ექიმბაში ინტიმურ სცენებს მობილურითაც იღებდა და ამ ვიდეოთი მსხვერპლს აშანტაჟებდა: ზოგს სექსუალურ კავშირს ისევ აიძულებდა, ზოგს კი კადრების გამომზეურებით ემუქრებოდა და ფულს სძალავდაო.
„დომენტი სახლში არ უნდა დაბრუნდეს - ასეთია ხალხის მოთხოვნა. ურევდა წამალში რაღაცას, ქალებს აბრუებდა, მერე ამყარებდა კავშირს და თურმე ვიდეოსაც იღებდა. ეს ვიდეო ახლა პროკურატურაში დევს. როგორც გვითხრეს, 15-20 ქალი გაუუპატიურებია ასე. დაზარალებულთა შორის ერთი არასრულწლოვანიცაა. საშინელი ფორმით დაუმყარებია კავშირი მასთან. ასეთ ამბავთან შეგუება არ შეიძლება. რძალიც ახალი მოყვანილი ჰყავს. თურმე რძალი სააბაზანოში რომ იბანდა, მამამთილი მას უჭვრიტინებდა და რძლისთვისაც გადაუღია სურათი. ასეთ არაკაცურ საქმეებს სჩადიოდა.
მისმა შვილმა ნახა ვიდეო მამის ტელეფონში. გაგიჟებულა ბიჭი, აუღია ტელეფონი და ბიძამისთან ანუ დომენტის ბიძაშვილთან მიუტანია სახლში და მისთვის უჩვენებია. უთქვამს, - ნახე, თურმე ამას აკეთებს მამაჩემი, დამეხმარეო. თემური მისი სახლიდან 70 მეტრში ცხოვრობს. მოსულა დომენტის სახლში და უთქვამს, - რა საშინელებას აკეთებ, შენ ხომ არ გაგიჟდი, ჩუმად წაეთრიე სოფლიდან, გადაიხვეწეო. ამის გამო შეკამათდნენ.
იმის ნაცვლად, რომ თავი დაეხარა, თურმე სკამით გაიწია თემურისკენ და დარტყმა დაუპირა. თემურს სკამი წაურთმევია. დომენტი გასულა მეორე ოთახში, დანა აუღია და დარტყმას აპირებდა. უცდია კიდეც. თემური ფიზიკურად ძლიერია, კარგი ვაჟკაცი, ის რას მოერეოდა?! თურმე ხელში წვდა დომენტის, წაართვა დანა და აღელვებულმა დაარტყა. ამის მერე "სასწრაფო" გამოიძახეს და დომენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ამბობენ, სამი ჭრილობა აქვსო. თემურს ეგონა, რომ მოკლა და თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში. ასე გაეხვა შარში ეს უდანაშაულო კაცი. შევხვდი უშიშროების უფროსს, პროკურორსაც და ვუთხარი, რომ თუ თემურს არ გამოუშვებენ, მთელი სოფელი ფეხზე დადგება და უკიდურეს ზომებს მივმართავთ. ხალხი მათ პასუხამდე გავაჩერე, ჯერჯერობით აქციები არ იმართება. ძალოვანებმა რამდენიმე დღე ითხოვეს.
ამის შემდეგ გადაწყდება, რას მოვიმოქმედებთ. თუ იმ უდანაშაულო კაცს არ გამოუშვებენ, მთელი სოფელი, დიდი და პატარა, ფეხზე დადგება და თურქეთის გზასაც გადავკეტავთ.
იქნებ დაგვეხმაროთ, რომ უდანაშაულო ბიჭი გარეთ გამოვიდეს. სიმართლე - სიმართლეა, რომელი კაცი მოითმენს ასეთ უნამუსობას?! დომენტია დასასჯელი და არა - თემური“ - აცხადებს სოფელ მახოს მცხოვრები რამიზ თურმანიძე.
სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. გამოძიება გრძელდება.
gzapress.ge