
როგორც „ალია“ წერს, აზერბაიჯანში გარკვულმა წრეებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მითვისების კონკრეტული გეგმების შემუშავებაზე.
„აზერბაიჯანული პრესა უკვე იმაზეც საუბრობს, რომ მათი ქვეყნისა და საქართველოს მეგობრობა ცალმხრივია.
კერძოდ, ირონიით ახსენებენ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დაუყოვნებლივ დავიწყოთ მოლაპარაკება აზერბაიჯანთან გაზის ტარიფის მომატების თავიდან ასაცილებლადო.
აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებამ დროებით შედეგი გამოიღო. თუმცა, აზერბაიჯანში გარკვეული წრეები ფიქრობენ, რომ გაზის დაბალი ტარიფი დავით გარეჯში უნდა გაიცვალოს.
აზერბაიჯანული პრესის ერთ-ერთი სტატიიდან ამონარიდს გთავაზობთ: ,,აზერბაიჯანი ყოველთვის უანგაროდ ეხმარებოდა მეზობელს. ნათობსა და გაზს დაბალი ტარიფებით აწვდიდა. კეთილი მეზობლები ასეც უნდა აკეთებდნენ, მაგრამ კარგი იქნებოდა, საქართველოც ამ პრინციპით მოქცეულიყო. თბილისი განსხვავებულად მოქმედებს.
აზერბაიჯანული მოსახლეობის პრობლემები საქართველოში ჯერ კიდევ გადაუჭრელია. ჩვენი თანამემამულეების პრობლემებისადმი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უგულო და გულგრილი დამოკიდებულებაა.
საქართველომ, რომელიც გამუდმებით გვთხოვს სხვადასხვა საკითხებში დახმარებას, იმისთვის კი ვერ მოიცალა, უძველესი განჯის კარის ფრაგმენტის დაბრუნებაზე იფიქროს. აზერბაიჯანი ასე დამოკიდებული რომ ყოფილიყო საქართველოზე, როგორც საქართველოა ჩვენზე დამოკიდებული, ოფიციალური თბილისი არა მარტო განჯის კარის ფრაგმენტს, არამედ სხვა ბევრ რამესაც წაგვართმევდაო“,- წერს „ალია“ .