
რამდენიმე წუთის წინ ორთაჭალაში, საქართველოს პროკურატურის შენობასთან მისულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ონისე გერგედავა და ალექსანდრე იაკობიძე პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრაზის "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" დაწერისთვის დააკავეს.
ადგილზე მისული იყო საპატრულო პოლიციის სამი ეკიპაჟი, იქვე პერსონალური მანქანით მივიდა შსს-ს ერთერთი მაღალჩინოსანიც. ფოტოები "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელმა ანი ნადარეიშვილმა გამოაქვეყნა. მანვე გაავრცელა ინფორმაცია ორი პირის დაკავების შესახებ.
გერგედავასა და იაკობიძის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც მათ წარწერა უკვე დასრულებული ჰქონდათ. შეგახსენებთ, "სოხუმი - ჩემი იერუსალიმი" ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წიგნის სახელწოდებაა, რომელიც მსჯავრდებულმა ციხეში დაწერა.
ამ ფრაზას აქტივისტები საკუთარი ინიციატივით ტოვებენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, თვალსაჩინო ადგილებზე. როგორც წესი, სავარაუდოდ, ხელისუფლების დავალებით, წარწერებს მოგვიანებით ადგილზე მისული დაუდგენელი პირები ღებავენ ისე, რომ მისი ამოკითხვა შეუძლებელი გახდეს.