
თბილისის მერია ტაქსების ლიცენზირების საკითხზე მუშაობს. ამ თემას სატრანსპორტო სამსახური მერიის რამდენიმე სამსახურთან ერთად ამუშავებს. დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე მერიაში არ საუბრობენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფს ჯერჯერობით კონკრეტული მონახაზი არ აქვს. უცნობია ისიც, როდის დასრულდება საკითხზე მუშაობა.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, მგზავრთა სატრანსპორტო კერძო გადაზიდვების სფერო არ რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს, რომელიც ტაქსის ტრაფარეტს შეიძენს, ამ საქმიანობის დაწყება შეუძლია, ყოველგვარი სალიცენზიო გადასახადისა და დაბეგვრის გარეშე.
ტაქსებზე ლიცენზიის შემოღების საკითხი წინა ხელისუფლების პირობებშიც განიხილებოდა. საუბარი იყო წელიწადში 1000 დოლარიან ლიცენზიაზე, თუმცა, მაშინ ახალ რეგულაციები ძალაში არ შესულა და მხოლოდ იდეის დონეზე დარჩა.