
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებაში „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ განმარტებულია რა ითვლება მასწავლებლის მიერ დისციპლინურ გადაცდომად.
„მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის“ დარღვევა - ეს არის:
საჯარო სკოლის შინაგანაწესის, ან სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, ასევე თამბაქოს მოხმარება;
სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; მასწავლებლის მიერ დისციპლინური გადაცდომებიდან ერთ-ერთის ჩადენის დისციპლინური წარმოების შედეგად დადასტურების შემთხვევაში, შეიძლება მას დაეკისროს ერთ-ერთი დისციპლინური სახდელი.
ეს სახდელებია: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური, სამსახურიდან განთავისუფლება.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა ნინო კვიტაშვილმა გააკეთა.
„სკოლის შინაგანაწესში არსებობდა რეგულაციები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა ყველა ობიექტურ გარემოებას და ამასთანავე „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ არსებობს ჩანაწერი, რომ 2015 წლამდე განათლების სამინისტრო შეიმუშავებდა და დაამტკიცებდა მასწავლებლის დისციპლინური წარმოების წესს.
გარდა ამისა, მიზანშეწონილად ჩაითვალა ეს მოქმედება იქიდან გამომდინარე, რომ მასწავლებელთა მიმართ იყო ერთგვაროვანი მიდგომა, რომ სკოლის შინაგანაწესები უფრო სამართლებრივი გახდეს. ეს არ არის სამინისტროს მხრიდან სკოლის კომპეტენციაში შეჭრა, რადგანაც ყველა მუხლში ნახავთ, რომ სკოლის როლი განსაკუთრებით არის ხაზგასმული და, როცა საუბარია სახდელებზე, ამავდროულად არის პუნქტი, სადაც წერია, რომ სკოლას თავის შინაგანაწესში შეუძლია, გარდა იმ სახდელებისა, რაც ჩამოთვლილია ბრძანებაში, თავისი წესრიგიდან გამომდინარე, კიდევ რაღაც დაამატოს.
რეალურად, ესაა დამატებითი დამცავი მექანიზმი პედაგოგებისთვის, რომ სკოლის შინაგანაწესები მოვიდეს ამ დოკუმენტთან შესაბამისობაში. აქ იმაზეა საუბარი, რომ, თუ მედია წამოწევს, რომ ხდება რომელიმე მოსწავლის უფლების შეზღუდვის ფაქტი მასწავლებლის მხრიდან, ეს უნდა გახდეს დისციპლინური კომისიის მოკვლევის საგანი, მოიძიოს ობიექტური გარემოებები, მტკიცებულებები, ანუ დაინტერესდეს ამ თემით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიმუშაოს რეკომენდაციები, გამოიტანოს თავისი გადაწყვეტილება და შესთავაზოს დირექტორს ამ გადაწყვეტილების გაზიარება“, - განუცხადა კვიტაშვილმა „ალიას“.
პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია.
„დღეს საჯარო სკოლების დიდ უმრავლესობაში შინაგანაწესი მოიცავს კაბალურ პირობებს და ახალი შინაგანაწესის შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგისთვის, ისე მთლიანად სკოლებისთვის.
ამ დისციპლინური წესის შემუშავების პროცესში ჩვენ, პროფკავშირიც, ვიყავით ჩართული და მაგალითისთვის ვიტყვი, რომ პროექტში იყო, რომ დისციპლინური წარმოების დაწყება შესაძლებელი იყო ნებისმიერი პირის განცხადების საფუძველზე, ჩვენ გამოვედით რეკომენდაციით, რომ ეს მოხდეს უშუალოდ სკოლაში დასაქმებულის მიერ და ეს შენიშვნა გაითვალისწინეს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შინაგანაწესი იქნება შედგენილი მასწავლებლების ინტერესების გათვალისწინებით და კონკრეტულად იქნება განსაზღვრული დამსაქმებელს რა შემთხვევაში აქვს ღონისძიებების გატარების უფლება, როგორიცაა შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური და განთავისუფლება“, - განაცხადა მაია კობახიძემ.
სამინისტროს ინიციატივას „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი დათო ფერაძე მიესალმება.
„თუ მასწავლებელი დააშავებს რამეს, მან ნამდვილად უნდა აგოს პასუხი, საუბარია დისციპლინარულ გადაცდომაზე. სახდელი არსებობდა მანამდეც და რეგულირდებოდა სკოლის შინაგანაწესის საშუალებით, მაგრამ მაინტერესებს, სამინისტროს აქ რა უნდა? რა გამოდის, რომ ხვალ სამინისტრო ცხრილს შემოიღებს სკოლებისთვის და გვიკარნახებს, რომელ კლასს რა ცხრილი ჰქონდეს? როგორც ჩანს, ეს იმიტომ იყო საჭირო, რომ სამინისტრო აგრძელებს თვითმმართველობისკენ მიმავალ გზას“, - განაცხადა ფერაძემ.