
„დასავლეთი სააკაშვილის მხარდაჭერისთვის მილიარდების გაღებას არ ნანობს, ახალმა მთავრობამ კი ვერ გააცნობიერა, რომ არ შეიძლება, დასავლეთთან ილაპარაკო იმავე ტონით, როგორსაც შენს ქვეყანაში იყენებ“,- აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი ორთვინ ჰენიგი „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
„2012 წლის ოქტომბერში საქართველოს ახალ ხელისუფლებას რომ ეთქვა, არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ, სააკაშვილის მთავრობა კი დამარცხდა, მათ რაღაცები გააკეთეს, რაღაცები - ვერა, ახლა კი ჩვენ მოვედით და უკეთესად გავაკეთებთ ყველაფერს, თუმცა გამოვიყენებთ წინა ხელისუფლების მიღწევებსაცო, დასავლეთი მათ ტაშით შეხვდებოდა და ივანიშვილსა და მის ”ქართულ ოცნებასაც” ხელგაშლით შეეგებებოდნენ.
ამის ნაცვლად (და ამას პოლიტიკურ უმწიფარობას მივაწერ), დასავლეთს განუცხადეს: თქვენ დამნაშავეებისა და მწამებლების ბანდას უჭერდით მხარსო. ბუნებრივია, ეს დასავლეთისთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ფსიქოლოგიურად მიუღებელი აღმოჩნდა. მთავრობის აგრესიული განცხადებები დასავლეთმა აღიქვა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ მთელი ევროპელი საზოგადოების დაგმობად.
სხვა თუ არაფერი, სააკაშვილის ხელისუფლება მოსვლის დღიდან დასავლეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ჩვენ მილიარდები დავხარჯეთ მის მხარდასაჭერად, რათა გაეტარებინა რეფორმები, რაც ქვეყნის განვითარებისთვის იყო აუცილებელი. დასავლეთი არ ნანობს ამ დახარჯულ მილიარდებს, რადგან რეფორმები, მისი მმართველობის დასაწყისში მაინც, მართლაც გატარდა.
თუმცა, გვერდს ვერ ავუვლით იმას, რომ უკანასკნელ წლებში მისი რეფორმების დემოკრატიულობა სულ უფრო მცირდებოდა, მის ხელში ძალაუფლების მეტისმეტად ბევრი ბერკეტი მოექცა. ვფიქრობ, ახალმა მთავრობამ თავიდან ვერ გააცნობიერა, რომ არ შეიძლება დასავლეთთან და საზოგადოდ, საგარეო ასპარეზზე, ილაპარაკო იმავე ტონით, როგორსაც იყენებ შენს ქვეყანაში.
გასაგებია, რომ ხალხი მისგან სწორედ ამ სიტყვებს ელოდა, მაგრამ ელოდა კი დასავლური სამყარო იმავეს? რაც მისაღები და სამართლიანი იყო ქართველი საზოგადოებისათვის, დასავლეთისათვის თავზარდამცემი გამოდგა. ძალიან კარგი, რომ [პრემიერი] გულწრფელია.
ჩემი სიტყვები ისე არ უნდა მიიღოთ, თითქოს ვთვლიდე, რომ მას ან დასავლეთი უნდა მოეტყუებინა, ან საკუთარი ხალხი. მე ამას დიპლომატის თვალით ვუყურებ. ხელისუფლების რიტორიკა არ უნდა იყოს ერთნაირად ხისტი, მიუხედავად იმისა, ქუჩაში გამოდის სიტყვით თუ სტრასბურგში.
ვფიქრობ, ეს საკითხი შედარებით პოზიტიურად უნდა წარედგინათ დასავლეთისთვის და ბევრ დავიდარაბას აიცილებდნენ თავიდან’’, – ამის შესახებ ჰენიგი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.