
ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქებში ნებისმიერი სახის გადარიცხვის დროს, რომლებშიც ქართული ბანკები შუამავლის, გამტარის დონეზე მონაწილეობენ, გასაგზავნი ქვეყნის აღნიშვნაში „რუსეთი“ უნდა იყოს მითითებული.
„აფხაზეთის ხმის“ წყაროს ინფორმაციით, საქართველოში მოქმედ ყველა ბანკს დაეგზავნა „ინსტრუქცია ზემოდან“, სადაც მითითებულია, რომ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ასევე ქალაქ სევასტოპოლში გასაგზავნ ფულად გზავნილებში, მიმღების ქვეყნის დასახელებაში უნდა მიეთითოს „რუსეთი“.
ამ ვერსიის თანახმად, ცვლილების შეტანა ფულად გადარიცხვებსა და გზავნილებში ქართულმა მხარემ რუსეთის მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.
ძირითადად, ეს ეხება ფულადი გზავნილების სისტემებს. „აფხაზეთის ხმამ“ გადაწყვიტა, ექსპერიმენტი თავად ჩაეტარებინა და რახან სამშაბათამდე ბანკებში გამოსასვლელი დღეებია, ჯერ ერთერთი ბანკის პრესსამსახურის ხელმძღვანელთან მობილურზე დაკავშირება სცადა, ხოლო მას შემდეგ, რაც ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, ონლაინკონსულტაციას მიმართა.
რადგან ბანკი შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა და რადგან თემა, სავარაუდოდ, საქართველოში არსებული ყველა ბანკისთვისაა საერთო, ჩვენ არ ვასახელებთ, რომელი ბანკის ონლაინკონსულტაციას მივმართეთ.
ონლაინკონსულტაციის ოპერატორმა, პირობითად, სოფომ, ჩვენს შეკითხვაზე, შეიცვალა თუ არა რაიმე ბანკში, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქებში ფულადი გზავნილის შევსების წესში, პირდაპირ გვიპასუხა, რომ ქვეყანაში რუსეთი ეთითება, თუმცა, მოგვიანებით დაამატა, რომ ეს ხდება პროგრამულად და არა გამგზავნი პირის არჩევით.
მისივე თქმით, ეს ეხება ფულადი გზავნილის სიტემას „უნისტრიმი“, სადაც ყირიმის ნახევარკუნძულზე თანხის გადაგზავნისას მიმღებ ქვეყანაში ფიქსირდება რუსეთი. სოფომ ასევე გვითხრა, რომ სხვა ფულად სისტემებზე ამ დროისთვის შეფერხებებია ყირიმის ნახევარკუნძულზე ფულის გადარიცხვასთან დაკავშირებით, ხოლო ჩვენს კითხვაზე, დარჩება თუ არა, ვთქვათ, „უნისტრიმი“ ამ ბანკის მიერ შეთავაზებულ ფულადი გადარიცხვის სისტემებს შორის იმის მიუხედავად, რომ მისი სისტემური ნაწილი უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სოფომ გვიპასუხა, რომ ამ სისტემით თანხის გადაგზავნა ბანკიდან კვლავაც შეუფერხებლად იქნება შესაძლებელია და რომ მისთვის უცნობია, რის გამო შევიდა ცვლილება ფულის გადარიცხვის სისტემაში.