
რუსული „გაზპრომის“ წარმომადგენლები საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან შეხვედრაზე ორ მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ: პირველი - ენერგეტიკულ ბაზარზე ექსპანსია და მეორე - საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანიის აქციების, მინიმუმ, 25% შესყიდვა.
ტექნიკური დეტალები უკვე განხილულია და მთავარი გადაწყვეტილება - მიღებული. ამის შესახებ Грузия Online-ს კორესპონდენტი რუსეთში იტყობინება, „გაზპრომის“ მმართველობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყარო იტყობინება, რომ კახა კალაძემ თავის თავზე აიღო ამ საკითხის გატანა, მიუხედავად მოსახლეობის მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობისა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, საპროტესტო აქციებში გადაიზარდოს.
კახა კალაძემ გარანტად ბიძინა ივანიშვილის უპირობო მხარდაჭერა დაასახელა, რომელიც, კალაძის თქმით, თავად აკონტროლებს ამ საკითხის გადაწყვეტას და, საერთო ჯამში, საკუთარი ინტერესებიც აქვს ამ სფეროში.
ამავე წყაროს ცნობით, კახა კალაძისადმი რუსული მხარის ნდობა იმითაცაა გამოწვეული, რომ შეხვედრებს ესწრება ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი - ბერა.
წყარო ვარაუდობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის არამხოლოდ საქართველოში „გაზპრომის“ წარმომადგენლობის წილის გაზრდა, არამედ, მაქინაციების გამოყენებით გეგმავს იმ წილის გამოსყიდვასაც, რასაც „გაზპრომი“ საქართველოს ნავთობისა და გაზის კომპანიისგან შეიძენს.
„გაზპრომის“ წყარო ვარაუდობს, რომ ეს ერთგვარი ბონუსი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, თუკი ის შეძლებს საქართველოში ენერგეტიკული საკითხების გადაჭრას „გაზპრომის“ სასარგებლოდ.