-
2015-09-29 16:26
29 სექტემბერს, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გასვლითი შეხვედრა სს “ქართული ლუდის კომპანიაში“ გამართა, რომელიც ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი მსხვილი საწარმოა.
ნოდარ ხადური გაეცნო კომპანიის ბრენდული ლუდებისა და ლიმონათების ჩამოსხმის პროცესს, დაათვალიერა საწარმოს კუთვნილი ლაბორატორია.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა არააქციზური პროდუქციის ელექტრონულ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები გახდა. როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა მწარმოებელ კომპანიათა თხოვნა და სეზონურობასთან დაკავშირებით მარკირების დაწყების თარიღი 1 ნოემბრამდე გადაავადა.
ფინანსთა სამინისტროს მიზანია, ბრძანების ამოქმედებამდე, ყველა დაინტერესებული მხარე კიდევ ერთხელ გაეცნოს მთავრობის არგუმენტებსა და წინადადებებს, ასევე საწარმოები მაქსიმალურად მზად შეხვდნენ აღნიშნულ პროცესს.
ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მთავრობის ამოცანაა: აღნიშნულ სფეროში მოწესრიგდეს აღრიცხვა, ბიზნეს არ შეექმნას დამატებითი ბარიერები და მარკირების გამო არ გაძვირდეს პროდუქცია.
როგორც აღინიშნა, აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საკუთარი შემოსავლებიდან დააფინანსებს სისტემის დანერგვას, რაც ნიშნავს, რომ უალკოჰოლო სასმელების წარმოების ხარჯები რჩება იგივე, ამასთანავე, ეს თანხა არ დააკლდება არც ქვეყნის ცენტრალურ ბიუჯეტს, რადგან თანხას შემოსავლების სამსახური გაიღებს საკუთარი შემოსავლებიდან. ამასთან, მარკირების სისტემის დანერგვით, ბიზნესთან მიმართებაში შემცირდება საგადასახადო შემოწმებების ოდენობა, ვინაიდან ფისკალურ სამსახურებს ონლაინ რეჟიმში ეცოდინებათ ინფორმაცია და რისკები ამ სფეროში იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, ასევე მოწესრიგდება ე.წ. დანაკარგების თემა.
მნიშნელოვანია, რომ ელექტრონულ მარკირებას არ დაექვემდებარება საექსპორტო საქონელი. აღნიშნული სფეროდან მიღებული შემოსავლები მოხმარდება როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების და სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული სხვა მიმართულებების დაფინანსებას.
როგორც ქარხნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, „ქართული ლუდის კომპანია“ მზადაა, სავალდებულო ელექტრონულ მარკირებას დაექვემდებაროს საწარმოს მიერ გამოშვებული უალკოჰოლო სასმელები. მათ ფინანსთა მინისტრს და მედიას აჩვენეს ქარხანაში დამონტაჟებული მარკირებისთვის საჭირო აპარატურა და პროცესი, თუ როგორ მოახდება პროდუქციის მარკირება. ქარხნის დათვალიერების შემდეგ, ფინანსთა მინისტრმა და კომპანიის წარმომადგენლებმა უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს.
ფინანსთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, ასეთი ტიპის შეხვედრები გაგრძელდეს უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებთან რათა სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობით მოხდეს აღნიშნულ სფეროში მეტი გამჭირვალობის უზრუნველყოფა. ფინანსთა სამინისტროს პოზიციაა, მუდმივად გაგრძელდეს მუშაობა იმისთვის, რომ ქვეყანაში დაცული იყოს ბიზნესინტერესები და არ შეიქმნას სირთულეები სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობისას.
"დღეს ჩვენ ამ დარგის ერთერთ მოწინავე დაწსებულებაში ვართ. მე აქ ვიყავი ორწელიწადნახევრის წინაც, გავეცანი საწარმოს მუშაობას და შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი პრობლემა, არც ტექნიკური და არც სხვა სახის, არ არსებობს. იგივე სიტუაციაა სხვა საწარმოებშიც - მარკირებისთვის საჭირო აპარატურა უკვე დამონტაჟებულია. რაც შეეხება მარკას, ის არ დააწვება არც წარმოებას, არც მომხმარებელს - მის საფასურს იხდის ფინანსთა სამინისტრო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


