-
2015-09-25 12:47
ლუდისა და ლიმონათის მწარმოებელი კომპანია „ზედაზენი” ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს. როგორც „კომერსანტს” კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა, ამ მიმართულებით მუშაობა გარკვეული დროის წინ დაიწყო, თუმცა პროექტის განვითარება ქვეყანაში არსებულმა ფინანსურმა სიტუაციამ შეაფერხა.
მისი ინფორმაციით, საწარმოს ტექნიკურ აღჭურვილობაზე ხელშეკრულებების ნაწილი უკვე გაფორმებულია, ნაწილზე კი მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩოჩელის ცნობით, წვენის წარმოება საგურამოში, „ზედაზენის” ქარხანაში დაიწყება. ცნობილია, რომ ნატურალური წვენები მთლიანად ადგილობრივი პროდუქტისგან დამზადდება.
ბიზნესმენის ინფორმაციით, ნატურალური წვენების მიმართულების განსავითარებლად კომპანია პირველ ეტაპზე 7 მილიონ 500 ათას ევროს დახარჯავს. სხვა დეტალებზე ბიზნესმენი ამ ეტაპზე არ საუბრობს.
კომპანია „ზედაზენი” ქართულ ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდა. დღეისათვის ის რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ლუდს, ლიმონათსა და ენერგეტიკულ სასმელს აწარმოებს.
რაც შეეხება წვენების ქართულ ბაზარს, მასზე ადგილობრივი კომპანიების წილი ბოლო, 2012-2014 წლების კვლევის მიხედვით, საშუალოდ 15-17 %-ია. გაყიდვების ძირითადი წილი უცხოურ ბრენდებზე მოდის. Gamma Research-ის კვლევით, ბოლო 2 წლის განმავლობაში წვენების ქართულ ბაზარზე უკრაინული „სანდორა“ 50%–იანი წილით ლიდერობს.
ტოპ-სამეულში ასევე შედის „ლებედიანსკი“ („ფრუქტოვი სად“) 10% და „კამპა“ 10%-ით. კვლევაში მითითებულია, რომ წვენების ბაზარზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული კომპანიის უმრავლესობა უცხოურია და კვლევის თანახმად, იმპორტირებული წვენების უპირატესობა ადგილობრივი წარმოების წვენებთან შედარებით ნათლად ჩანს.
კვლევაში მითითებულია, რომ ბოლო სამი წლის მონაცემებით, საქართველოში წვენის ბაზარი სტაბილურია და ფაქტობრვად უცვლელი, შეინიშნება მცირედი ზრდა, თუმცა ზრდა მეტ წილად იმპორტირებულ პროდუქციაზე მოდის.