
ამერიკის სავაჭრო პალატა საგანგებო განცხადებას ავრცელებს და ხელისუფლებას აფრთხილებს. განცხადება სავაჭრო პალატამ რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.
"ბოლო დროს ზოგიერთი მედია საშუალების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება ქართული ბიზნესისა და ბიზნესმენების მიმართ ყოვლად უსაფუძვლო და დაუმსახურებელი ბრალდებები, რასაც, სამწუხაროდ, არ მოჰყვება ადექვატური იურიდიული ზომები იმის გამო, რომ შემუშავებული არაა სათანადო ეფექტური კანონმდებლობა ცილისწამების წინააღმდეგ.
ამის ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითია ყოვლად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებები ამერიკის სავაჭრო პალატის დიდი ხნის და თვალსაჩინო წევრის "TBC ჯგუფისა" და მისი დამფუძნებლების მიმართ, ასეთი მდგომარეობა მიუღებელი და შეუთავსებელია კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო იურისპუდენციის სტანდარტებთან.
თუკი არ განხორციელდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და არ იქნა მიღებული სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებები, შედეგად შესაძლოა საგრძნობი ზიანი მიადგეს არა მხოლოდ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი ბიზნესის და მისი წამმართველი ადამიანების რეპუტაციას, არამედ საქართველოს, როგორც ბიზნესისათვის უსაფრთხო და სტაბილური ქვეყნის, საერთაშორისო იმიჯს,"- ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე განცხადება თბილისში მყოფმა ამერიკელმა ბიზნესმენმა გააკეთა, რომელიც აშშ-ის სავაჭრო პალატის წევრია:
"მე საქართველოში 20 წელია ვიმყოფები და ვმუშაობ, 1996 წლის შემდეგ საქართველოში ასეთი ცუდი ბიზნეს გარემო არ ყოფილა,"- ეს განცხადება "კურიერთან" საუბრისას ამერიკის სავაჭრო პალატის ბორდის წევრმა ტედ ჯონასმა კააკეთა.
ჯონასი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდს აკრიტიკებს და რჩევებს აძლევს.
"ბიზნეს გარემოს პრობლემა მაკრო ეკონომიკური პრობლემაა. ამ ვითარებაში ეკონომიკის კუთხით მთავრობამ უკეთესი მმართველობა უნდა აჩვენოს და დიდი რეგულაციები არ უნდა დააკისროს ბიზნესს. ახლა ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია.
სახელმწიფომ სტრატეგიული პროექტებისთვის მეტი უნდა გააკეთოს. რაც ხელს შეუწყობს ინვესტორების შემოსვლას და სამუშაო ადგილების შექმნას,"- განაცხადა კურიერთან საუბრისას ამერიკის სავაჭრო პალატის ბორდის წევრმა ტედ ჯონასმა.