
თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის დასაწყისში მდგარი შენობა, სადაც ერთ დროს უნივერმაღი "თბილისი" იყო განთავსებული, ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა "თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა.
ინფორმაცია "კომერსანტს" ფონდში დაუდასტურეს, თუმცა უთხრეს, რომ ფონდმა ეს შენობა ჰოლანდიური საინვესტიციო ჯგუფ „დორიფორისგან“ (Doryphore Investment BV) შეისყიდა და მასში თანამედროვე, A კლასის სავაჭრო ცენტრი “გალერეა თბილისი“ განთავსდება.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ "მაესტროს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ შენობა ხდება "პანორამა თბილისის" ნაწილი, სიმართლეს არ შეესაბამება. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ "პანორამა თბილისში" ჯდება ყოფილი ცეკავშირის შენობა, რომელსაც თბილისის მერიამ კოეფიციენტი შეუცვალა, ანუ მრავალსართულიანი შენობის აგების ნებართვა გასცა. ცნობილია, რომ იქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.
რაც შეეხება ყოფილ უნივერმაღ "თბილისს", პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება $70 მლნ ამერიკულ დოლარს აღემატება და იგი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრში არსებული ძველი კომერციული ფართის რეკონსტრუქციას. A კლასის სავაჭრო ცენტრის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ² იქნება.
ფონდის ინფორმაციითვე, შენობის სამხრეთ ნაწილში 300-მდე ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი მოეწყობა, რაც საგრძნლობლად შეამცირებს ქალაქში არსებულ პარკირების პრობლემას.
"კომერსანტის" მიხედვით