-
2015-04-03 09:40
მცირე და საშუალო ბიზნესის დაწყების მსურველებს თბილისის მერია ჯიხურების განსათავსებლად აუქციონში მონაწილეობას სთავაზობს.
თბილისის მერიის განცხადებით, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტში უკვე შეირჩა ადგილები, სადაც დაინტერესებულ პირებს ჯიხურის განთავსება შეეძლებათ. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიღებული განკარგულებით, პირველი ინტერნეტ-აუქციონი 6 აპრილს გამოცხადდება, რომელზეც საწყის ეტაპზე 57 ლოტი გავა.
აუქციონში გამარჯვებული უფლებამოსილია, სარგებლობის უფლებით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე განათავსოს მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა. თბილისის მერია მომხმარებელს სთავაზობს 12 ესკიზს. აუქციონში გამარჯვებულს შეუძლია თავად აირჩიოს მისთვის სასურველი დიზაინი და ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, პირდაპირ მიიღოს ნებართვა. ამით გამარჯვებულს ჯიხურის დიზაინის შეთანხმებაზე აღარ მოუწევს დროისა და თანხის ხარჯვა.
ჯიხურების იჯარით სარგებლობის ვადა 5 წელია. წლიური საწყისი საიჯარო ქირა თითოეულ ლოტზე აუდიტის მიერ დადგენილი ფასის მიხედვით განისაზღვრება. ჯიხურისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთი 6 კვადრატული მეტრია.
ელექტრონული აუქციონის გამოცხადების, ჩატარების, ორგანიზების და შედეგების გაფორმების უზრუნველყოფა თბილისის მერიის სსიპ „ქონების მართვის სააგენტოს“ დაევალა.
ჯიხურების განსათავსებლად თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით წინასწარ შეარჩია შესაბამისი ადგილები. აუქციონში მონაწილეობის მსურველები მათთვის სასურველი ლოტის შესარჩევად უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.iauction.ge