-
2015-03-11 23:40
მიმდინარე წელს სამეგრელოს რეგიონში ახალი საწარმოს გახსნა იგეგმება. საწარმოს აშენება ზუგდიდში მდებარე თხილის გადამამუშავებელი კომპანიის შპს „ბეტაჩი“-ს და რუსი ინვესტორების მიერ ერთობლივად ხორციელდება. ინფორმაციას "კომერსანტი" ავრცელებს.
„ბეტაჩი“ 2012 წელს დაფუძნდა და ის დღემდე ახორციელებს თხილის და ნუშის ექსპორტს რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში. აღნიშნულმა კომპანიამ შექმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც საფინანსო კომპანია შ.პ.ს „კაპიტალ კრედიტი" ახორციელებს 0% დან 1,5% მდე სესხების გაცემას ადგილობრივ მცირე ფერმერებზე თხილის უწყვეტი წარმოების ციკლის მხარდაჭერის მიზნით.
ბიზნესმენ არჩილ ვეკუას განცხადებით, წელს მათ დააფუძნეს კომპანია „სნესქო" და დაიწყეს თხილისა და მშრალი ხილის გადამამუშავებელი უნიკალური საწარმოს მშენებლობა. პროექტის განსახორციელებლად 4 00 000 აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია იგეგმება მათ რუს პარტნიორებთან ერთად.
ასევე „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში თიბისი ბანკის მეშვეობით ახალი საწარმოს მშენებლობისათვის ათვისებული იქნება 600 000$, შეღავათიანი აგრო სესხი.
„ჩვენს მიერ დაპროექტებული ქარხანას არ ანალოგი არ ექნება საქართველოში. მთლიანად შევძლებთ ჩავანაცვლოთ დაფასოებული თხილისა თუ სხვა მშრალი ხილის იმპორტირებული პროდუქცია საქართველოში წარმოებული პროდუქციით,“ – აცხადებს ბიზნესმენი "კომერსანტთან" საუბარში.
მისი განცხადებით ქარხნის საექსპორტო წლიური ბრუნვა 40 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, ხოლო შიდა ბაზარზე 10 მილიონ ლარამდე იქნება. საწარმოს ნედლეულით მომარაგება მოხდება, როგორც უცხოელი პარტნიორების, ისე ადგილობრივი ფერმერების მეშვეობით. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 150 ადამიანი დასაქმდება.