-
2015-02-26 13:39
ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეთა ინფორმაციით, ბოლო 2 თვის განმავლობაში ოქროზე მოთხოვნა კატასტროფულად შემცირდა.
ისინი შიშობენ, რომ "ოქროს ბირჟის" დატოვება მოუწევთ, რადგან იჯარის გადახდის თავიც აღარ აქვთ.
დილერები ამბობენ, რომ ბირჟამ ბევრ განსაცდელს გაუძლო - გამოიარა ომი, ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ამ მდგომარეობაში არ ჩავარდნილა.
„ლარის კურსმა უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო. როცა მოსახლეობას პურის ყიდვა უჭირს, ოქროსთვის ვის სცალია?
ხალხი გაამათხოვრეს და ფუფუნების სურვილი ჩაუკლეს. ბევრი შემთხვევაა, როცა მოდის მომხმარებელი და მიკვეთავს სამგრამიან რგოლს.
ხალხი ადრეც არ იყო განცხრომაში, მაგრამ გაიჭირვებდა და 8-10 გრამზე ნაკლებ ბეჭედს არ იყიდდა. უკვე განვადებითაც უჭირთ ყიდვა.
ასე თუ გაგრძელდება, დავიხურავთ ქუდს და წავალთ აქედან", - ამბობს მარინა ლორია, ოქროს ბირჟის მოვაჭრე.
„მომხმარებელი ოქროულს ყიდულობს მაშინ, როცა მისთვის ეს აუცილებლობას წარმოადგენს. ასეთია ქორწილი, როდესაც ოქროს ახლობელი ადამიანისთვის იმეტებენ, თუნდაც ვალის აღება დასჭირდეთ.
იშვიათად დაბადების დღეებზეც ყიდულობენ. ძვირფასეულობით ქვეყანაში არავინ ინტერესდება. ხშირად ხდება, რომ მთელი დღის განმავლობაში ვერაფერს ვყიდით.
ფაქტობრივად, ბაზარი მომხმარებლის გარეშეა. ჯართის ფასია მცირედით მომატებული, მაგრამ მოთხოვნა არც მასზეა. შეიძლება ითქვას, თვითდინებაზე ვართ", - ამბობს ლინა ბირკაძე, "ოქროს ბირჟის" დილერი.
„რეზონანსი“