-
2015-02-22 23:58
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის კვირაში“ ხელისუფლების მხრიდან „ქამრების შემოჭერის“ პრინციპზე ისაუბრა.
„ქამრების შემოჭერა“ პირველი ადეკვატური ნაბიჯია, როდესაც ხედავ, რომ შენი მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა კურსის ცვლილების გამო.
რა თქმა უნდა, პირველად მთავრობა ვალდებულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების კუთხით გადადგას ნაბიჯები.
ჩვენ ამ კვირაში დეტალიზებულ შემცირების გეგმას წარმოვადგენთ. საუბარია დაახლოებით იმავე პროცენტით შემცირებაზე, რაც მოხდა დევალვაციის პირობებში. დაახლოებით 12 პროცენტიანი დევალვაციაა და ამავე რაოდენობის ხარჯების შემცირებას მოვახდენთ...
ლარის გაუფასურებას ველოდები თუ არა, ამაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებდი. ამ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია.
ექსპორტის დაკორექტირება უკვე მოხდა, მე არ ველოდები, რომ სერიოზული კლება მოყვეს უკვე ამის შემდეგ ექსპორტს და ტურიზმს.
ის დროითი შუალედი გასულია, როდესაც უკვე იმპორტის კორექტირებაც უნდა მოხდეს და ეს კიდევ უფრო შეამცირებს დაწოლას ეროვნულ ვალუტაზე.
ასე რომ, სერიოზულ ცვლილებებს არ ველოდები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციურ განწყობას და არ უნდა შეიქმნას ისეთი მდგომარეობა, რომ სიტუაცია არ არის გამოსწორებადი", - აღნიშნა მინიტრმა.
მინისტრმა კითხვაზე - როგორ შეაფასებს ბიძინა ივანიშვილის ფრაზას, რომ ლარი კარგ მდგომარებაშია, აღნიშნა, რომ ის არ არის ვალდებული ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს.
„ჩვენი მოლოდინები იყო ადექვატური, არავინ არ ელოდა, რომ ასე გამძაფრდებოდა ქვეყნის გარშემო სიტუაცია, მე პირადად ვიღებ პასუხისმგებლობას იმ სუბიექტური დონით, რაც ჩემზეა დამოკიდებული. არის მოვლენები, რომელიც ჩვენს გარეშე ვითარდება და არავინ ელოდა, რომ მინსკის შეთანხმების მერე დაირღვეოდა ეს შეთანხმება, თუმცა ეს დეჟავუსავით გვახსენდება, როგორ იყო პასტუხოვის შეთანხმება...", - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობა 2-3 თვეში ელოდება სიტუაციის დასტაბილურებას.
„არ ვარ იმ წარმოდგენის, რომ ქვეყანაში ყველაფერი ვარდისფრად არის, ეს არის ტიპიური საგარეო ეკონომიკური შოკი, და ჩვენ ერთიანი ნაბიჯებით ვალდებული ვართ ქვეყანა გამოვიყვანოთ, ყველა ნაბიჯი გათვლილი გვაქვს და ის შედეგის მომტანია, 2-3 თვეა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ჩვენ არცერთი წუთი არ უნდა დავკარგოთ, რომ მივიღოთ შედეგი, მაგრამ საგარეო ეკონომიკური ეფექტი ფაქტიურად მომხდარია და ჩვენ არ უნდა ველოდოთ განსაკუთრებულად დიდ ცვლილებებს, ჩვენი მოლოდინები 5 წლის წინ არ იყო ასეთი და არავინ არ ელოდა მსოფლიოში ამას, ჩვენ დღეს ვუყურებთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელ კადრებს თითქმის ტელევიზიით, ჩვენ ვმუშაობთ, რომ 2-3 თვის თავზე იყოს ხელშესახები შედეგი", - განაცხადა კვირკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას კომპლიმენტსაც უპასუხა. ალასანიამ პატივისცემა დაადასტურა გიორგი კვირკაშვილის მიმართ, როგორ ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება მთავრობის წევრებს შორის და მოუწოდა, რომ ჩაეხსნას სოლოლაკის შუშის სასახლეს და დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები.
ეკონომიკის მინისტრმა დაადასტურა, რომ არსებობს ადამიანური ურთიერთობები ივანიშვილთან და არავინაა ვალდებული ამის შესახებ გაზვიადებული წარმოდგენები შექმნას.
„ამ ხელისუფლებაში არის ბევრი ღირსეული ადამაინი, რომელიც არ ზოგავს ენერგიას, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. შუშის სასახლის კონტროლი, ეს არ არის სერიოზული, თუ საუბარია ბიძინასთან კონტაქტზე, ყველა დამშიდდეს - ეს არის ადმაინური ურთიერთობები და არ ვართ ვალდებული, რომ ამ ურთიერთობებზე გაზვიადებული წარმოდგენები შევქმნათ", - განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.