-
2015-02-20 02:33
ოფიციალური ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზს იანვარში ექსპორტის 68 მლნ დოლარიანი შემცირება და ფულადი გზავნილების 23-მილიონიანი კლება წარმოადგენს. თუმცა, ლარის კურსის დაბალანსება ვერ ხერხდებოდა 2013 წელსაც, როცა ქვეყანაში ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი იყო და ფულადი გზავნილებიც მატულობდა.
შარშან მთავრობამ ბოლო წლების საუკეთესო საინვესტიციო შედეგი აჩვენა, მაგრამ ეროვნულ ვალუტას არაფერი ეშველა. მთავრობაც და ეროვნული ბანკიც აბსოლუტურად უუნარონი არიან. გარდა იმისა, რომ ლარის გაუფასურების პროცესს რეალურად ვერაფერს უპირისპირებენ, არც საზოგადოების ინფორმირებას ცდილობენ.
ექსპერტები სავალუტო კურსის დაბალანსებას მთავრობის პრეროგატივად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მან წონასწორობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გააკეთოს. გია ხუხაშვილი მოსალოდნელ ინფლაციაზე საუბრობს და დასძენს, რომ ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ლოგიკური შედეგი სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდაა.
"ეროვნულმა ბანკმა თავისი შესაძლებლობა ამოწურა. ვერც ერთი მის მიერ გადადგმული ნაბიჯი, რაც უნდა მოიმოქმედოს, შედეგს ვერ მოიტანს. კურსის სტაბილურობის მექანიზმი უფრო მთავრობის მიმართულებით უნდა ვეძებოთ. სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენცია დროებითი ზომაა. დისბალანსი ხანგრძლივად თუ შენარჩუნდა, პრობლემას არ ეშველება", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას.
მისი შეფასებით, მთავრობამ უნდა იმუშაოს საბიუჯეტო დისციპლინის მიმართულებით და ინვესტიციების შემოდინებაზე იზრუნოს. "როგორმე უნდა მოხერხდეს ლარის კურსის წონასწორობის აღდგენა და ამისთვის ყველა საშუალების გამოყენება აუცილებელია. მართალია, ჯერ არ არის ისეთი დინამიკა, რომ პანიკა გამოიწვიოს, მაგრამ ინფლაციურ პროცესებს ვეღარ გავექცევით.
ეს თავისით მოხდება, რადგან საქართველო მომხმარებელი ქვეყანაა და დიდწილად იმპორტზე დამოკიდებულია. ცხადია, დოლარის კურსის აწევა იმპორტირებული პროდუქტის გაძვირებას აუცილებლად გამოიწვევს. დოლარის კურსი 2 ლარის ნიშნულს საკმაოდ გასცდა და ამაში ეკონომიკური ლოგიკა უკვე აღარ არსებობს. ეროვნული ვალუტის დღევანდელი ნიშნული ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს რეალურად ასახავს", - დასძენს ხუხაშვილი.
ნეგატიური მოლოდინი აქვს ეკონომიკის სფეროს ექსპერტ ლევან კალანდაძესაც, რომელიც პრობლემის მოკლე პერიოდში მოგვარებას გამორიცხავს.
"არც ერთი ფაქტორი არ იკვეთება ისეთი, რომელმაც კურსის სტაბილურობა უნდა განსაზღვროს. ის, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, პრობლემის მოგვარების პირობა არ არის, უბრალოდ, მისი ლოკალიზება შეიძლება მოახდინოს მხოლოდ მოკლე დროში. პარალელურად უნდა ამოქმედდეს ის დამაბალანსებელი ფაქტორები, რაც კურსის სტაბილურობას ხელს შეუწყობს და ეს ხელისუფლების გადასაწყვეტია.
კოორდინირებული მუშაობა თუ არ დაიწყო, პრობლემა ყოველთვის იქნება. პროგნოზზე თუ მეკითხებით, პირადად მე არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში ლარი გამყარდება", - აცხადებს კალანდაძე.
წყარო