
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია საგანგებო განცხადებას აქვეყნებს, რითაც საქართველოს ბაზარზე რუსული "გაზგრუპის" შესაძლო შემოსვლას აპროტესტებს. ასოციაციის განცხადება "ფეისბუქზე" გამოქვეყნდა.
"2014 წლის ბოლოს რუსულმა კომპანიამ "გაზგრუპი" ფილარმონიაში, კერძოდ კი ივენტჰოლში გამართა გაზელის მარკის ავტომობილების პრეზენტაცია, რომელსაც ოფიციალურად დაესწრნენ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო სპეციალური დანიშნულების ავტომობილები: სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო. ამ ავტომობილებზე დანიშნულების მიხედვით გაკეთებული იყო შესაბამისი ქართული წარწერებიც.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია აპროტესტებს "გაზგრუპის" საქართველოს ბაზარზე შემოსვლას შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
1. რუსული კომპანია გაზგრუპი ოფიციალურად თანამშრომლობს აფხაზეთის და ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებებთან, რასაც ადასტურებს მათ შორის გაფორმებული არაერთი ხელშეკრულება
2.კომპანია გაზგრუპის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში გახლავთ კომპანია "სტრადა", მნიშვნელოვანია გაირკვეს მეტი დეტალი ამ ორი კომპანიის თანამშრომლობის შესახებ სამართლებრივ ფორმატში
3.გაზელის ავტომობილები წარმოადგენს ძალიან დაბალი კლასის ავტომობილებს.ამიტომ კომპანიის მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი განცხადება, რომ ეს ევროპული ხარისხია არის სიცრუე და მყიდველის მოტყუების მცდელობა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი სამაშველო, სახანძრო, სასწრაფო მანქანები უკვე ქართული წარწერებით, წინაპირობაა იმისა, რომ ხელისუფლება აპირებს შეიძინოს ეს ავტომობილები შესაბამისი სამსახურებისთვის.
4. ზუსტად ამ კომპანიის ვიზიტის პერიოდში, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს ავტოქარხნის მშენებლობის პროექტის არსებობის შესახებ, მაგრამ სკანდალის თავიდან აცილების მიზნით ასაიდუმლოებს კომპანიის ვინაობას,ასოციაციას გააჩნია დასაბუთებული ეჭვი, რომ ეს რუსული კომპანია გაზგრუპია. თავად მშენებლობაში ცუდი არაფერია, მაგრამ მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო შეზღუდვებს უწესებს რუსულ კომპანიებს, რატომ მაინცდამაინც საქართველო? მითუმეტეს გაზგრუპი პრაქტიკულად ვერ ახორციელებს ექსპორტს სხვა ქვეყნებში.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია კატეგორიულად მოვითხოვთ შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან საჯარო განმარტებას, განსაკუთრებით ეკონომიკის სამინისტროსგან", - ნათქვამია განცხადებაში.