
ეროვნული ვალუტის, ლარის გაუფასურებამ დოლართან მიმართებაში, ისედაც ჩავარდნილი ეკონომიკა და არა მარტო ეკონომიკა, კიდევ უფრო დაასამარა. უფრო მეტიც, ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების პირობები უარესობისკენ შეცვალა.
რას ფიქრობენ ამ კუთხით ცნობილი სახეები?
ანრი ჯოხაძე, მომღერალი:
- საშინელი აზრი მაქვს. დღეს რაც მქონდა ანგარიშზე რამდენიმე ათატსი ლარი, დოლარში გადავიტანე, რომ არ გავკოტრდე, რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
ბოლო დღეებში ლარის კურსი ისე დავარდა, რომ ლარს თავი მოეხერხა. თავის დაზღვევა გადავწყვიტე. სერიოზული კრიზისის პირი უჩანს და როგორც მოქალაქეს, ეს არ მომწონს. ორ დღეში ხალხი გაღატაკდა.
თინა მახარაძე, მსახიობი:
- საკმაოდ დიდი თემაა, ძალიან კატეგორიული და აგრესიული უნდა ვიყო. სამწუხაროდ, ახლა ისეთ ადგილას ვარ, რაც არ მაძლევს საშუალებას, ვრცელი კომენტარი გავაკეთო ამ თემაზე, ამიტომ თავს შევიკავებ. ბევრი ცუდი სიტყვის გამოყენება მომიწევს, შეგიძლიათ, ასეც დაწეროთ.
ნუკი კოშკელიშვილი, ტელეწამყვანი:
- რასაკვირველია, ძალიან არ მომწონს ეს ბოლოდროინდელი ტენდენცია.
რატი დურგლიშვილი, მომღერალი:
- ამ ბოლო პერიოდში მომიწია ვალუტის გადახურდავებამ, მაგრამ იმდენად მცირე თანხას ვახურდავებ, რომ ცვლილება უმნიშვნელოა. სხვაობას მოგცემს, როდესაც ათას დოლარს ახურდავებ. ჯერჯერობით ეს დიდად არ მიგრძნია, მაგრამ პროდუქცია გაძვირდა და ამაზე აისახა ლარის კურსის ვარდნა ყველაზე მეტად.
ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ პარფიუმერიის ფასმა მოიმატა. სუნამო, რომელსაც ადრე 200 ლარად ვყიდულობდი, ახლა 400 ლარი ღირს. ვიკითხე, ხომ მშვიდობა გაქვთ-მეთქი და ხომ იცით, რომ ლარის კურსი დავარდაო.
მეშინია, რომ ქვეყანაში უფრო მეტი გაჭირვება იქნება, მაგრამ ამაზე იქით რაღა უნდა იყოს, უკვე აღარ ვიცი. სიღარიბის ზღვარზეა ხალხი. ეს ცვლილებები ყველა სფეროზე აისახება, როცა ქვეყნის უმეტესი ნაწილი გაჭირვებულია.
„რეიტინგი“