
ვინ ააშენებს პორტს ანაკლიაში? ეკონომიკის სამინისტროში უკვე დარეგისტრირებული ინტერესთა გამოხატვისა და ზოგადად, პორტის პერსპექტივის შესახებ სიუჟეტი ტვ "იმედმა" მოამზადა. 12 განაცხადიდან მხოლოდ ორი ქართული კომპანიაა რეგისტრირებული, მათგან ერთმა კი განაცხადი ბრიტანულ კომპანიასთან ერთად შეიტანა.
განაცხადში შესულია ბიზნესმენ თემურ ქარჩავას ინტერესის გამოხატვაც. ეს ბიზნესმენი წლებია, მოსკოვში ცხოვრობს და საქმიანობს. ანაკლიის პორტის მშენებლობით წინა ხელისუფლების დროსაც იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ, სხვა ბიზნესმენების მსგავსად, ისიც სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის წართმევაზე ალაპარაკდა, ოღონდ 2012 წლის არჩევნების შემდეგ.
ზუგდიდელ ბიზნესმენზე უკვე ამბობენ, რომ საბოლოოდ, 12 განაცხადიდან სწორედ მისი გაიმარჯვებს. ასეთ შემთხვევაში რუსეთის ინტერესიც გათვალისწინებული იქნება, საიდანაც ოფიციალური განაცხადი პორტის მშენებლობით დაინტერესების შესახებ არ შემოსულა.
იმის თაობაზე, რომ ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული, "აფხაზეთის ხმა" ადრეც წერდა. მაშინ გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა კახა ლომაიამ და საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ სკანდალური ინფორმაცია გაახმაურეს, რომელიც თავდაპირველად სომხურ მედიაში გაჟღერდა და რომლის თანახმადაც ქართული კომპანია სომხეთში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებდა თბოელექტროსადგურის ასაშენებლად.
კახა ლომაია წერდა, რომ თბოელექტროსადგური რუსულ ბუნებრივ აირზე იმუშავებს, ხოლო მისგან წარმოებულ ელექტროენერგიას საქართველო შეისყიდის, რაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
"ეს ამბავი პირველმა ზურაბ ჯაფარიძემ გაახმაურა! საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით (ეტა რას!), აქამდე უცნობი, ოფშორში რეგისტრირებული ქართული კომპანია (ეტა დვა!) ინვეტსიციას აკეთებს სომხეთის ენერგეტიკაში (ეტა ტრი!) 600 მილიონ დოლარის ოდენობით (ეტა ჩიტირე!), იმისთვის, რომ (ყურადღებით!) შემდგომში საქართველომ სომხეთისგან ელექტროენერგია შეიძინოს (ეტა პიატ!).
სომხური თბოელექტროსადგური პოლიტიკური ფასის მქონე რუსულ გაზზე იმუშავებს, ანუ გაზზე დაბალი ფასი ნაყიდია სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლით. რომ შევაჯამოთ: ჩვენი სტრატეგია იყო ენერგოდამოუკიდებლობა, ანუ საკუთარი ჰიდრორესურსებისა და ტრანზიტის გამოყენებით, ქვეყნის სრული დაკმაყოფილება საკუთარი ენერგიით და მისი ექსპორტი მეზობელ სახელმწიოფებში. ამ ახალი პროექტის წყალობით, საკუთარ ფულს გადავიხდით სომხეთსა და რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესაძენად!, - წერდა კახა ლომაია.
შეგახსენებთ, რომ სომხურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის 22 აგვისტოს ქართული და სომხური მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანია "Anaklia IEP (Industrial Eco Park) Holding" 540 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად სომხეთში 600 მილიონი დოლარის ოდენობით ინვესტიციას ჩადებს. შესაბამის შეთანხმებას სომხეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან კომპანიამ ხელი უკვე მოაწერა.
ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას სწორედ ბიზნესმენი თემურ ქარჩავა ხელმძღვანელობს. მას რუსეთის ხელისუფლების ცალკეულ მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ პირად იცნობენ. თბოელექტროსადგურის მშენებლობას სომხეთში შექმნილი "ანაკლია ენერჯი" უზრუნველყოფს, რომელსაც სომხური მხარე პირველი ხუთი წლის განმავლობაში გადასახადებისგან ათავისუფლებს. თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, წელიწადში დაახლოებით 4 მლრდ კვტ/სთ - საქართველოში იქნება ექსპორტირებული.
რაც შეეხება სომხეთში თბოელექტროსადგურის აშენების პროექტს, მისი ოფიციალურად გაცხადებული მიზანია ანაკლიის პორტის მშენებლობის განმავლობაში მისი უზრუნველყოფა ელექტროენერგიით. ქარჩავა ამბობს, რომ ვანაძორში თბოელექტროსადგურის მშენებლობაში ჩადებული თანხა, ფაქტობრივად, პირველი ინვესტიციაა, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის ჩაიდო.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ სომხური მხარე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ქართულ კომპანიას აირის მიწოდების გარანტიისა და საგადასახადო შეღავათების კუთხით, ასევე აუცილებელი მიწის ნაკვეთების შესყიდვასა და ელექტროენერგიის ექსპორტის ნებართვის მიმართულებით.
მედიაგამოცემებს მოჰყავთ სომხეთის ენერგეტიკის მინისტრის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული თბოელექტროსადგურის აშენებას, მინიმუმ, სამი წელი დასჭირდება.
თემურ ქარჩავა ანაკლიის ინდუსტრიული ეკოპარკისა და პორტის ასპროცენტიანი წილის მფლობელია. სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, მისი უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც, ძირითადად, რუსეთში დააგროვა, 200 მილიონ დოლარს აჭარბებს.
"ჩემი ქონება კგბ"-მაც კი ვერ დათვალა", - განაცხადა მან 2014 წლის ივნისში, ტვ "მაესტროსთვის" მიცემულ ინტერვიუში, სადაც ასევე, აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა დაგეგმილი. ბიზნესმენის გეგმის მიხედვით, იქ პორტი და ტყუპი შენობები (ორმოცდაოთხ სართულიანი ბიზნესცენტრი), ასევე სასტუმრო უნდა აშენდეს.
„მე მაქვს შექმნილი ჰოლდინგი. ჰოლდინგის წევრები არიან უდიდესი კომპანიები, რომლებსაც რეალურად გააჩნიათ ინვესტიციის უნარი და აქვთ ამისთვის საჭირო ფინანსები. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რეალურად ჩვენი ჯგუფი ამას მოახერხებს და დაფინანსება მოხდება ექვს მილიარდ დოლარამდე,“ – ამბობს ბიზნესმენი.
ანაკლიის პორტის მშნებლობა 2015 წელს უნდა დაიწყოს, მანამდე კი, ცხადია, ეკონომიკის სამინისტრომ ინტერესის გამომხატველი განცხადებებიდან ერთი უნდა აირჩიოს და პორტის მშენებლობა გადაულოცოს...
მოამზადა ლაშა ბერულავამ. შიდა ფოტოზე ბიზნესმენი თემურ ქარჩავა
შენიშვნა: მასალას ერთვის ტვ "იმედის" სიუჟეტი, რომელიც წარმოადგენს დამოუკიდებელ ჟურნალისტურ ნამუშევარს და არა აქვს შეხება სტატიის ტექსთან.