-
2014-12-08 00:58
საქართველოს კურსი დოლართან მიმართებით ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტოდ დაბალია, ისევე, როგორც სომხური დრამი 2006 წლის შემდეგ. ამ ყველაფერზე გავლენას ისიც ახდენს, რომ საგრძნობლად დაეცა რუსული რუბლის კურსი, ამის შესახებ "ფაინენშალ თაიმსი" წერს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მეზობლები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი მის ეკონომიკასთან ამიტომ რუბლის დაბალი კურსი მათ ეკონომიკაზეც მოქმედებს.
"წლის დასაწყისში ამგვარი უარყოფითი გავლენა ყაზახეთმა განიცადა, ამჟამად კი საქართველოსა და სომხეთის ჯერი დადგა. გარდა ლარის დაბალი კურსისა, საქართველოს სხვა პრობლემებიც აქვს - გარღვევა ბიუჯეტში და ის, რომ რუსეთი პარტნიორობის ხელშეკრულებას აფორმებს ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან.
მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ეს ხელშეკრულება ემუქრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
როგორც სტანდარტ ბანკის წარმომადგენელი ტიმოტი აში განმარტავს, საქართველოსა და სომხეთს მსგავსი მაკროეკონომიკური პრობლემები აქვთ, რუსეთი კი ორივე მათგანისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, ამიტომ ურთიერთგავლენის მიზეზები თვალსაჩინოა.